იულიუსის კალენდრით:
6 მარ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
19 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
პოვნა ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326)!


betboom.com

უფლისთვის სათნო მსხვერპლი

  საქართველოში (განსაკუთრებით სოფლად) ფართოდ არის გავრცელებული მსხვერპლშეწირვის არაქრისტიანული წესი. ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, ტაძრის ეზოში ან რომელიმე მათთვის წმიდა ადგილზე კლავენ შეწირულ ცხოველებსა თუ ფრინველებს, შემდეგ იქვე ღრეობენ, თვრებიან და ხშირად ეს "დღესასწაულობა", განსაკუთრებით მთაში, ჩხუბითა და სისხლისღვრით მთავრდება. ამ მსხვერპლშეწირვებს ხშირად აშკარა წარმართული რიტუალები ახლავს თან – არაქრისტიანული "ლოცვების" წარმოთქმა, საქონლის ბეწვის შეტრუსვა, ყურის გაჭრა, მათი სისხლით შუბლზე ჯვრების გამოსახვა, პირუტყვის კლდიდან გადაჩეხვა და ა.შ. ეს მსხვერპლშეწირვები, ძირითადად, საეკლესიო ან ხალხურ დღესასწაულებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ კი განსაცდელის ჟამს "შეთქმულ" ცხოველებს კლავენ.
  თუ ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის, ევალება წაიკითხოს ან მოისმინოს წმიდა წერილი, წმინდანების ცხოვრებები და მოძღვრებები, ისწავლოს უფალ იესო ქრისტესაგან და მისი მოწაფეებისგან, თუ როგორ მსხვერპლს ითხოვს ღმერთი მორწმუნეთაგან.
  სისხლიანი მსხვერპლშეწირვის წესი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. შესაქმის წიგნში ადამის შვილების შესახებ ვკითხულობთ: "და იყო შემდგომად დღეთა, მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მანცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან" (შესაქმ. 4,3-4). ძველი აღთქმის ტაძარში სისხლიან მსხვერპლს სწირავდნენ ჭეშმარიტი ღმერთის მსახური ებრაელი მღვდლები. მართალია, ამგვარი მსხვერპლი დაშვებული იყო უფლისაგან, როგორც ქრისტეს სისხლით ადამიანთა გამოხსნის სიმბოლო, მაგრამ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში აცხადებდა ღმერთი, თუ რომელი მსხვერპლია მისთვის სათნო: "ჩემი არს ყოველი მხეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყვი; ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს. შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა? შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი" (ფსალმ. 49,10-14).
  მას შემდეგ, რაც უფალი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, გამოგვიხსნა ცოდვისა და ეშმაკის მონებისაგან და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა, ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლი გაუქმებულია. ის, ვინც დღესაც ძველი აღთქმის ან წარმართულ წესებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფს უფალ იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნას, ახალი აღთქმის ეკლესიაში მაცხოვნებელი მადლის არსებობას. მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს, საეკლესიო დღესასწაულებზე და ზოგან ყოველ დილით აღესრულება წმიდა ლიტურგია (წირვა) ანუ უსისხლო მსხვერპლშეწირვა. წირვის დროს მორწმუნეთა მიერ შეწირული პური და ღვინო იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქცევა. წირვაში მონაწილე მორწმუნეები სინანულით, ლოცვითა და მარხვით ეზიარებიან წმიდა საიდუმლოს. როგორც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "შევსწირავთ მსხვერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფთა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. ხოლო კეთილსა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხვერპლნი სათნო არიან ღმრთისა" (ებრ. 13,15-16).
  რაც შეეხება ცხოველებსა და ფრინველებს, მათი ეკლესიისთვის შეწირვა გამართლებულია ჩვეულებრივი მოწყალების გაცემის მიზნით, ყოველგვარი რიტუალების აღსრულების გარეშე. ამ დროს არ შეიძლება მათზე ლოცვების წაკითხვა, ნაკურთხი მარილის ჭმევა და ა.შ. ცხოველი, ფრინველი, პროდუქტები, ტანსაცმელი, ფული ან რაიმე ნივთი შეიძლება შევწიროთ ეკლესიას, მონასტერს, გაჭირვებულებს, უპატრონო ბავშვებსა და მოხუცებს, ქვრივებსა და ობლებს. ეს ღვთისაგან მოცემული მცნებაა და სახარებიდან ვიცით, რომ უმოწყალოს არც უფალი შეიწყალებს საშინელ სამსჯავროზე.
  ტაძრების ეზოებში ცხოველების დაკვლა და ღრეობა ცოდვაა და უცხოა ქრისტიანული ცხოვრების წესისთვის. ზოგიერთ მონასტერთან ისეთი ღრეობები იმართება, რომ მის მაცხოვრებლებს მოსვენება ეკარგებათ და მონაზვნურ ცხოვრებაში ხელი ეშლებათ. ხშირად მთვრალი "მედღესასწაულენი" მონასტრის მკვიდრთ მათთან ერთად ღრეობას აძალებენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ეკლესიის სწავლებით, ქრისტიანს ზომიერება მართებს ჭამაშიც, სმაშიც და მხიარულებაშიც, ხოლო წარმართული წეს-ჩვეულებების აღსრულება, ღრეობა, ჩხუბი და სხვა სიბილწე, ისიც ტაძრებისა და მონასტრების მახლობლად, ღვთის შეწევნის ნაცვლად დიდ სასჯელს მოიტანს ამქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც. როგორც წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის: "არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6,10).

* * *

წმ. იოანე ოქროპირი
  ამრიგად, პირველი მსხვერპლი, როგორც ზემოთ ვთქვი, ის სულიერი და საიდუმლო ძღვენია, რომელზედაც ამბობს პავლე: "იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი, და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თვისი ჩუენთვის, შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სურნელად" (ეფეს. 5,1-2). მეორე მსხვერპლი მოწამეთა მსხვერპლია. უსმინე პავლეს – ის მოწმობს ამას: "გლოცავ თქუენ, ძმანო, წარუდგინენით ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა" (რომ. 12,1). ამრიგად, პირველი მსხვერპლი გამოხსნის მსხვერპლია, მეორე – მოწამეთა, მესამე – ლოცვის მსხვერპლი: "წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ხელთა ჩემთა – მსხუერპლ სამწუხროდ" (ფსალმ. 140,2). მეოთხე – ქების მსხვერპლია, იგი ქების გალობათაგან შედგება: "შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა" (ფსალმ. 49,14). მეხუთე – სიმართლის მსხვერპლია: "მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა" (ფსალმ. 50,21). მეექვსე –  მოწყალების მსხვერპლია:  მსხვერპლი "წმიდაჲ და შეუგინებელი ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა" (იაკობ. 1,27). მეშვიდე – ღაღადების მსხვერპლია. ღაღადება სამხედრო ზახილია გამარჯვებისა... მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა ყველა თავის მტერზე გაიმარჯვა, – "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16,33), ჩვენ ვგალობთ გამარჯვების სადიდებელ ჰიმნს და ვტეხთ იმ გამარჯვების ყიჟინას, რომელსაც ჰნატრის წინასწარმეტყველი: "გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა" (ფსალმ. 26,6). მერვე მსხვერპლი ღმრთისა – შემუსრვილი სულია: "მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფსალმ. 50,19). ხედავ, როგორი მსხვერპლები გვაქვს ჩვენ? არის კიდევ განსაკუთრებული მსხვერპლი, რომელიც სახარების ქადაგებაში აღესრულება, – სამოძღვრო სიტყვა, რომელზედაც მოციქული პავლე ამბობს: "მღვდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა" (რომ. 15,16). ...არის მსხვერპლის მეათე სახეც – ნაყოფის შეწირვის მსხვერპლი, რომელზედაც ამბობს პავლე: "აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა, სათნოჲთა ღმრთისაჲთა" (ფილიპ. 4,18). ხედავ, რომ წმინდანების მიმართ ქველმოქმედებასაც პავლე მსხვერპლად სახელსდებს?
(95-ე ფსალმუნის განმარტებიდან)

* * *

მცირე სჯულისკანონი
  ესეცა გუეუწყა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა საკლველთა დაჰკლავენ და ოდეს-იგი დაჰკლვიდენ, ლოცვათა წარიტყვის მღდელი ზუარაკსა მას ზედა ანუ ცხოვარსა, და ხორცსა მას შეიღებენ ეკლესიად და მისცემენ მღდელთა ნაწილსა წესისა მისებრ ძუელისა რჩულისა, ვითარცა იქმოდეს ჰურიანი, ხოლო ესე წესი გარეშე არს წესთაგან კათოლიკე ეკლესიისა. ამისთვის განჩინებით ვამცნებთ, რაჲთა წესი ესე მოისპოს.
  ხოლო უკუეთუ ვინ სახსენებელსა გარდაიხდიდეს წმიდათასა ანუ შესუენებულთასა, მიიღოს ეკლესიას ზეთი და საკუმეველი და სანთელი და სეფე, ზედაშე და თესლი, და თესლისა კურთხევად წართქუას მღდელმან და განუყოს შემოკრებულთა მათ სეფისა განატეხი და თესლი და სარღუნელი და ესე კმა იყავნ ეკლესიასა შინა.
  ხოლო საკლველსა თუ დაჰკლვიდეს, ლოცვათა წართქუმაჲ საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თვით იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაჲ თქუას და დაკლას, გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაჲ, და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა, და ხორცი იგი გინათუ მგბარი (მოხარშული), გინათუ უმგბარი (მოუხარშავი) განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისა. და მღდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს სახსენებელის მოქმედსა მას. ხოლო რომელნი ამას წესსა გარდაჰხდენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაჲ დაესაჯოს.

(კანონი 82. „მცირე სჯულისკანონი“ შეადგინა წმ. ექვთიმე მთაწმიდელმა.)

მასალა გამოქვეყნებულია ვებგვერდის: martlmadidebloba.ge/sacdurebi1.html მფლობელის მიერ.



გამოქვეყნების თარიღი 22/11/11.
წერილის არჩევა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო