იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!



სარჩევი

აღსარების წინ საკითხავი ლოცვანი

დასაწყისი ლოცვები

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 50

3. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი.
4. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
7. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან.
8. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
12. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
15. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
21. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ლოცვა წმ. იოანე ოქროპირისა, აღსარებისათჳს ცოდვათა და სინანულისა

ვაი ჩემდა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და მე შეკრულ-ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისათა და არა მაქვს კადნიერება აღხილვად სიმაღლესა ცისასა, ვისსამე მივივლტოდე, არამედ შენდა მომართ მოწყალეო უფალო, რამეთუ ძვირ-უჴსენებელ ხარ, და შენდა მომართ მოვივლტი, და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები, შენ უფალო ურჩ გექმნები, და შენდავე მოვისწრაფი ძვირ-უჴსენებელო, შენდავე მოვივლტი მრავალთა სახიერებათა შენთათვს, და ლმობიერად ვღაღადებ, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ, სახელისა შენისათჳს მხოლოსა, რამეთუ არა მაქვს რომელიმცა წარგიდგინე შენ, არცა საქმენი კეთილნი, არცა გული წმიდა, არამედ სასოებაჲ ხოლო მაქვს შენისა მოწყალებისა, და დავსდებ სულსა ჩემსა, არამედ შენისა კაცთმოყვარებისა წინაშე, რათა გული წმიდა დაჰბადო ჩემთანა ღმერთო, და სულითა წმიდითა დამამტკიცო მე, რათა არღარა დავეცე მე კვალად, და არღარა მივიწიო ცოდვისა განწირულებასა, არამედ ამიერითგან გმონო შენ სიმართლით და ჭეშმარიტებით ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმიდისა ამონისი

უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩვენისაო, რომელმან წინასწარმეტყველისა შენისა ნათანის მიერ, ამხილე დავითს, და შეინანა შეცოდებანი მისნი, და შენ მიჰმადლე შენდობა, და მანასესი შემდგომად ლოცვისა შეიწირენ, შენ მეუფეო მოწყალეო გევედრები, შეიწირენ აწცა ჩემ უღირსისა მონისა შენისაგან სინანულით ვედრება შეცოდებათათჳს, შენისაებრ სახიერებისა უგულებელს ჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, რამეთუ შენ უფალმან ჰბრძანე სამეოც და ათშვიდ გზის შენდობა, რომელნი შესცვივიან ცოდვასა, რამეთუ დიდ არს წყალობა შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და შენი არს ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმიდისა ეფრემისი

ვსცოდე მე და არა განვეშორე ცოდვასა, და მე ვევედრები მოწყალებასა შენსა, დამიფარე მე ჵ კეთილო, მისაჯე მე და წმიდა მყავ ჵ ტკბილო, მილხინე მე, რამეთუ წყლულ ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ მოვკვედ ცოდვითა, სუნნელ მყავ მე, რამეთუ წყლულებანი ჩემნი შეყროლდეს და სირცხვილმან დამცა მე, აღმადგინე, რომელი ესე დანთქმულ ვარ მღვიმესა შინა და დაცემულ ვარ, აღმადგინე მე, მე ვარ, რომელმან შევსცვალე სჯული და ბიწიან ვყავ, დაბნელებული განმანათლე, მომაქციე მე, ცთომილი ესე, და მომიძიე წარწყმედული ესე. ვაიმე, უფალო შესვარულსა ამას, რომელი არა ღირს ვარ აღხილვად ზეცად.

ლოცვა წმიდისა ისაკ განშორებულისა

უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი ეგე მოწყალებითა შენითა სტიროდი ლაზარეს ზედა, და დასთხიენ მის ზედა ლმობიერებით წმიდანი იგი ცრემლნი შენნი. შეიწირენ ცრემლნიცა ესე სიმწარისა ჩემისა და ვნებითა მით შენითა წმიდითა ვნებათაგან სულსა ჩემსა ულხინე. და წყლულებითა შენითა წმიდითა წყლულებათაგან სული ჩემი განჰკურნე, და სუნნელებითა მით უხრწნელთა ჴორცთა შენთათა სიმყრალე ჴორცთა ჩემთა განასუნნელე, და ნაღვლითა მით, რომელი დაბადებულთა შენთაგან მიიღე, დაატკბე სული ჩემი სიმწარისა მისგან, რომელ მოვიღე მტერთა ჩემთაგან. აღმართებითა წმიდისა ჯვარისა შენისათა, აღმართე გონება ჩემი ეშმაკთაგან მიდრეკილი მიდრეკითა წმიდისა თავისა შენისათა ჯვარსა ზედა, აღმართე თავი ჩემი მტერთაგან დათრგუნვილი ჴელითა მით წმიდითა, რომელნი განიპყრენ ჯვარსა ზედა, აღმომიყვანე მე სიღრმეთაგან ცოდვათა ჩემთასა. ყვრიმლის-ცემითა მით და ნერწყვითა პირისა შენისა წმიდისათა განწმიდე პირი ჩემი შებღალული ცოდვითა და უსჯულოებითა ჩემითა, და სულითა მით წმიდითა შენითა რომელი ჯვარსა ზედა შეჰვედრე მამასა, წარმიძეღვ მე მოსლვად შენდა მიმართ გზათაგან უსჯულოებისა ჩემისათა, რამეთუ არა მაქვს, მაცხოვარ, გული მწუხარე მოძიებად შენდა, არა მაქვს სინანული და ლმობიერება, რომელი მოაქცევს განწირულთა სასოებად, არა მქონან მეუფეო ცრემლნი ნუგეშინის-საცემელად სულისა ჩემისა. დაბნელებულ-არს მეუფეო გონება ჩემი და ვერ მოიქცევის შიშსა შენსა, განგრილებულ არს გული ჩემი სიმხურვალისა სიყვარულისა წმიდისა შენისა, და არა აქვს გულსა ჩემსა განბანა ცრემლითა მით რომელი სათნო არს შენდა: არამედ შენ იესუ ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელმან მომიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა აწცა მომმადლე მე სინანული და გული ტკივნეული რათა გამოვიდე მე ყოვლითა გულითა ჩემითა ძიებად შენდა მწყემსისა მაგის სახიერისა და მკურნალისა მაგის განწირულთასა, რამეთუ თჳნიერ შენსა არა განიკურნებიან წყლულებანი ესე სულისა ჩემისანი და უცხო ვარ მე ყოვლისაგან კეთილისა, უკეთუ არა მომმადლე მე მადლითა შენითა მამისა მის მიერ წმიდისა შენისა რომელმან უწინარეს საუკუნეთა გშვა შენ თანამოსაყდრედ მისსა. განაახლე სულსა შორის ჩემსა შვენიერება იგი ხატისა შენისა, და სულისა მიერ წმიდისა შენისა განანათლე სული ჩემი დაბნელებული ცოდვითა. მეუფეო ჩემო მომმადლე მე სახიერო მადლი შენი, სახიერო და კაცთმოყვარეო დაღაცათუ მე დაგიტევე შენ, არამედ შენ სახიერებითა შენითა ნუ დამიტეობ მე დაღაცათუ მე წარვსწყმიდე ნებსით ჩემით თავი ჩემი, სამწყსოსა შენისაგან, არამედ შენ მოწყალებითა შენითა გამოვედ ძიებად ჩემდა და შემიყვანე ბაკსა შენსა წმიდასა და თანა შემრაცხე მე ცხოვართა მათ თანა კურთხეულისა სამწყსოსა შენისათა და გამომზარდე მე მათ თანა საძოვარითა მით საიდუმლოთა წმიდათა შენთათა და ღირს ვიქმნე უღირსი ესე მონა შენი ხილვად ნათელსა პირისა შენისასა. რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმ. ტიმოთესი

უფალო ღმერთო დამბადებელო ყოველთაო, ლოცვა ჩვენი ისმინე ქრისტეს-მოყვარისა ერისა შენისა, თანამოსახელისათჳს, და მოიჴსენე შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი მოიგე სისხლითა შენითა და დაჰჴსენ წყლულებანი შინაგან მწვალებელთანი, და მოეც ერთობა მართლმადიდებელთა შენთა, და შეზღუდენ იგინი ზეგარდამოჲთა შეწევნითა, და ანგელოსთა წესთა განძლიერებულნი, გალობად და დიდებად ყოვლადწმიდისა და უხრწნელისა სახელისა შენისა, დაიცვენ, სიმტკიცით ერი ჩვენი, და მტერთა მომართ მძლეობა სამარადისო მიანიჭე მას, გულისჴმის-ყოფა და მშვიდობა შენი მიმადლე სოფელსა, და მიანიჭე ქუეყანასა ნაყოფთა უხვება, და ერსა საზრდელთა იაფობა, რათა განვსძღეთ გლახაკნი შენითა პურითა, და მარადის მადლობისა გალობასა შევსწირავდეთ შენდა, კაცთ-მოყვარისა ღმრთისა ჩვენისა, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ფსალმუნი 90

1 . რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა განისუენოს.
2 . ჰრქუას უფალსა: ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3 . რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
4 . ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
5 . არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6 . ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუადღისა.
7 . დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და - ბევრეულნი მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8 . ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო.
9 . რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძჳრი და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ!

აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვა

ჵ! ყოვლად მოწყალეო უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩვენო, მომიტევე ყოველნი აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლითაც შეგაწყინე ღმერთო ჩემო, რომელთა დასაბამნი აღგიარნე წინაშე შენსა.

ჵ! ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შემინდვნეს ყოველნი შეცოდებანი ჩემნი ვითარცა სახიერ არს, მოწყალე და კაცთმოყვარე.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო