იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ღმრთისმშობლის მიძინებისას - 15 (28) აგვისტო

მიძინება ყოვლადწმიდისა

ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დედუფალო, უმაღლესო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ანგელოსთა უდიდესო საკჳრველებაო, წინაჲსწარმეტყველთა უმაღლესო ქადაგებაო, მოციქულთა უდიდებულესო საქებელო, მღვდელმთავართა ჩინებულო სამკაულო, მოწამეთა შეუძვრელო სიმტკიცეო, მონოზონთა მაცხოვნებელო წიანმძღუარო, მმარხუელთა მოუუძლურებელო შემწეო, ქალწულთა სიწმიდეო და დიდებაო, დედათა მყუდროო მხიარულებაო, ყრმათა განმაბრძნობელო და დამსჯელო, ქვრივთა და ობოლთა მზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა კურნებაო, ტყვეთა განმანთავისუფლებელო, ზღუასა შინა მყოფთა ყუდროებაო, მღელვარეთა აღუშფოთებელო ნავთსაყუდელო, მოგზაურთა მტკიცეო სლვაო, დამაშურალთა კეთილად განსუენებაო, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლმეოხო, ჩაგრულთა საფარველო და ნავთსაყუდელო, უსასოთა სასოო, ჭირვეულთა შემწეო, უქონელთა დაუშრეტელო სიმდიდრეო, მწუხარეთა მარადის ნუგეშინისმცემელო, მოძულებულთა სიყუარულით შემწყნარებელო, ცოდვილთა მაცხოვნებელო და ღმრთისა მიმართ მიმყუანებელო, ყოველთა მართლმორწმუნეთა მტკიცეო ზღუდეო, უძლეველო შეწევნაო და შუამდგომელობაო. შენ მიერ, დედუფალო უხილავო ხილულ იქმნა, და შენდა ვედრებასა შევსწირავთ ცოდვილნი მონანი შენნი.

ჵ, ყოვლადმოწყალეო და ყოვლად სასწაულთმოქმედო დედუფალო, დედაო გონიერისა ნათლისაო, მშობელო მეუფისა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, ყოველთათჳს, ცხოვრებისა მომნიჭებელისა; ზეციურთაგან განდიდებულო და ქუეყანისაგანთა მიერ ქებულო. ანგელოზთა გონიერებაო, მთიებო სხივცისკროვანო, წმიდათა უწმიდესო, დედუფალთა დედუფალო, მბრძანებელო ყოველთა ქმნულთაო, ღმრთივბრწყინვალეო ყრმაო, სძალო შეუგინებელო, პალატო სულისა ყოვლადწმიდისაო, ცეცხლოვანო საყდარო უხილავისა მეუფისაო, ზეციურო კიდობანო, მტჳრთველო ღმრთისა სიტყჳსაო, ცეცხლსახილველო ეტლო, განსასვენებელო ღმრთისა ცხოველისაო, გამოუთქმელო ნაწილო ქრსიტჱს ჴორცთაო, ბუდეო ზეციურისა არწივისაო, გვრიტო მრავალმხმობარეო, ტრედო უმანკოო, წყნარო და უწყინარო, დედაო შვილმოყუარეო, მოწყალებისა უფსკრულო, განმდევნელო ღრუბელთა ღმრთისა რისხვისაო, სიღრმეო განუზომელო, საიდუმლოო გამოუთქმელო, სასწაულთა გამოუკვლეველო, ეკლესიაო ჴელთუქმნელო მხოლოჲსა მეუფისა ყოველთა საუკუნეთაო, საცეცხლურო კეთილსულნელებისაო, სამოსელო პატიოსანო, პორფირო ღმრთივქსოვილო, სამოთხეო სულიერო, ნერგო ცხოველსმყოფელისა ბაღისაო, ყუავილო შუენიერო აღმომამორჩებელო ჩვენდა ზეციურისა მხიარულებისაო, ლერწო ცხოვნებისა ჩვენისაო, ბარძიმო ზეციურისა მეუფისაო, რომელსა შინა შეეზავა ღვინოჲ დაულევნელისა მადლისა სულისა წმიდისა, მეოხო სჯულისაო, დამნერგველო ჭეშმარიტისა ქრისტეს სარწმუნოებისაო. სვეტო შეურყველო, მწვალებელთა დამნთქმელო, მახვილო ღმრთისა რისხვისაო აღმართებულო ღმრთისმბრძოლთა ზედა, ეშმაკთა შემაშინებელო, ბრძოლათა შინა მძლეო, ყოველთა ქრისტეანეთა უეჭველო დამფარველო და ყოვლისა სოფლისა განთქმულო მაცხოვნებელო.

ჵ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღმრთისმშობელო, შეისმინე ჩვენდა მვედრებელთა შენთაგან და გამოავლინე წყალობაჲ შენი ერსა შენსა ზედა, ევედრე ძესა შენსა განგვათავისუფლოს ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა და დაიცევ სავანენი, ქალაქნი და ქუეყანანი მართალთანი და ყოველნი კაცნი, ღმრთისმოსაობითა მოლტოლვილნი და მხმობელნი წმიდისა სახელისა შენისანი ყოველთაგან დასჴმისა, კლვათა, შიმშილისგან, წვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა უცხოტომელთა ზედამოსვლისაგან და ტომითისაგან ბრძოლისა, ყოვლისა სნეულებისა და ზედამოდგომილებისგან, რათა არცა დაჭრისა, არცა შიშისა, არცა ჭირისა, არცა ყოვლითა სამართლად მოწევნადთა ღმრთისა რისხვათა მიერ შეგივრდებოდიან ერნი შენნი: არამედ დაიცვენ და აცხოვნენ იგინი მოწყალებითა შენითა, დედუფალო, ევედრე მათთჳს და კეთილშეზავებაჲ ჰაერისა ჟამსა ნაყოფისა მოღებისასა მოგუმადლენ: აღგვამსუბუქენ, აღგვადგინენ და შეგვიწყალენ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო უფროსადსაგალობელო ყოველნი ყოველსა განსაცდელსა და ჭირსა შინა მყოფნი. მოიჴსენე მონანი შენნი და ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩვენთა და განგვაახლე ჩვენ მადლითა შენისა მოწყალებისათა, მადლიერებათა ნუგეშინისცემულთა მოგიგოთ შენ შემწედ. მოწყალე იქმენ დედუფალო ყოვლადწმიდაო, უძლურსა ერსა შენსა ზედა, სასოო ჩვენო. განბნეულნი შეკრიბენ, შეცდომილნი დაადგინენ გზასა ზედა ჭეშამრიტებისასა, მოაქციენ განდგომილნი მამულისა სარწმუნეობისგან, მოხუცებულობა განამტკიცე, ყმაწვილნი განსაჯენ, ყრმანი აღზარდენ, და განადიდე განმადიდებელნი შენნი, და ჩინებულად დაიცევ ეკლესიაჲ ძისა შენისა და დაიფარენ მრავალსა დღესა.

ჵ, უფროსად მოწყალეო დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო! მეოხებითა შენითა შეიწყალენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, დაიფარენ იგინი ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა, საფარველითა შენითა და დაიცევ ევედრე შენგან უთესლოდ განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა დაგვიფაროს ძალითა მაღლითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან ჩვენთა, უცხოტომელთა და თანატომელთაგან, რომელნი აღძრულ არიან ჩვენ ზედა და სარწმუნოებასა ჩვენსა ზედა და მართლმადიდებელსა. აცხოვნენ და შეიწყალენ, დედუფალო, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი და ყოველნი ნაწილნი ეკლესიისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ერნი, თაყუანისმცემელნი და მვედრებელნი და წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა. მოიხილე ჩვენ ყოველთა ზედა მოწყალითა თუალითა შუამდგომლობისა შენისათა, ცოდვათა სიღრმეთაგან აღგვადგინენ ჩვენ და განგვინათლენ თუალნი გულისა ჩვენისანი ხედვად ცხოვნებისა, მოწყალე იქმენ ჩვენ ზედა აქაცა და საშინელსა სამსჯავროჲსა ზედა ძისა შენისასა და ევედრე ჩვენთჳს.

სარწმუნოებით განსრული ამა სოფლისგან მონანი შენნი საუკუნოსა ცხოვრებასა შინა ანგელოსთა და მთვარანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა მიითვალენ, რათა წარსდგენ მარჯვენით ძისა და ღმრთისა შენისა: და ღირს ჰყვნენ მართლმადიდებელნი ქრისტეანენი ყოველნი ქრისტეს თანა ცხოვრებასა და ნეტარებასა ზეციურსა სავანესა ანგელოსთა თანა სიხარულითა, რამეთუ შენ ხარ დედუფალო დიდებაჲ ზეციერთა და სასო ქუეყანისაგანთა, შენ ხარ სასო და მეოხი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და მვედრებელთა წმიდისა შეწევნისა შენისათა; რამეთუ შენ ხარ მვედრებელი მჴურვალე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა: მრავლისშემძლებელ არს დედობრივი ლოცვაჲ შენი, რათა შეგვიწყალოს მეუფემან და შუამდგომელობითა შენითა წინაშე საყდრისა მადლისათა წარდგომასა ვიკადრებთ მოღებად ყოვლადწმიდათა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა მისთა, დაღაცათუ არა ღირს ვართ მოღებად. ამისთჳსცა ყოვლადპატიოსანსა ხატსა შენსა და მას ზედა გამოხატულსა ყოვლისამპყრობელსა ვხედევთ, რომლისა მკლავთა ზედა ტვირთულხარ შენ და ვიხარებთ ცოდვილნი, ლმობიერებითა შევრდომილნი და სიყუარულითა ამბორსვუყოფთ და სასოებაჲ გვაქვს დედუფალო, რათა შენითა ღმრთივშეწყნარებულითა ლოცვითა მივიწივნეთ ზეციურსა დაუსრულებელსა ცხოვრებასა და ურცხვენელად მარჯვენით წარდგომასა ძისა და ღმრთისა შენისასა, მადიდებელნი მისნი, თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით და თანაარსით სულით მისითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო