იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

დღითი დღე სათქმელი ხუთგზის ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის მიმართ

ერთი ღმერთშემოსილი ბერი, იდგა რა ლოცვად, მოვიდა აღტაცებაში და ესმა ჴმა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მიმართავდა ყოვლადწმიდა დედას თჳსას და ეუბნებოდა: „მარქვი დედაო, რაოდენი დიდი ტკივილი დაითმინე ჩემს გამო მიწიერ ცხოვრებაში?“
ყოვლადწმიდამ მიუგო:
„ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე: პირველი - მესმა რა სვიმეონ წინასწარმეტყველისაგან, რომ მოიკვლებოდი;
მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე;
მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმენ ჰურიათაგან:
მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული,
მეხუთე - გიხილე, რა საფლავად დადებული“.
და მიუგო მას უფალმა.
„დედაო ჩემო, ვინც მოიჴსენოს შენი ყოველი ტკივილი დღითი დღე ჩემს ლოცვასთან რომელიცა არს „მამაო ჩვენო“... და მთავარანგელოზის ხარებასთან ერთად, რომელიცა არს: „ღმრთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ“... - პირველი ტკივილის მოხსენებისათჳს მივანიჭებ ცოდვათა თჳსთა განცდას და სინანულს მათზედ;
მეორე ტკივილის მოხსენებისათჳს შევუნდობ ყველა ცოდვას;
მესამე ტკივილის მოხსენებისათჳს დავუბრუნებ სათნოებებს ცოდვით განდრეკილთ;
მეოთხე ტკივილის მოხსენებისთჳს - სიკვდილის ჟამს ვაზიარებ საღმრთოსა ჴორცსა და სისხლსა ჩემსას;
მეხუთე ტკივილის მოხსენებისათჳს - მე თჳთ მივეახლები მას ამა სოფლიდან განსვლის ჟამს და თჳთ მივიღებ მის სულს საუკუნო სასუფეველში“. ამინ!

ღმერთშემოსილი ბერის ამ ხილვის შემდგომ წმ. მღვდელმთავარმა დიმიტრი როსტოველმა შეადგინა შემდეგი ხუთგზის ლოცვა:
შესავალი ლოცვები:

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმან არა წარმწყმიდე მე ცოდვილი უშჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ითმენ აქამომდე შეცოდებათა ჩემთა. (მეტანია)
ღირს-გვყავ ჩვენ უფალო, დღეინდელსა ამას დღესა დაცვად უცოდველად, მონიჭებად ჩემდა არცა სიტყჳთ, არცა საქმით, არცა გონებით განგარისხებდე შენ, შემოქმედსა ჩემსა, არამედ ყოველი საქმე ჩემი, ზრახვა და განსჯა იყოს სადიდებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა. (მეტანია)
უფალო მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, ყოველსა დღესა ცხოვრებისა ჩემისასა, ამის სოფლიდან განსვლის ჟამს და აღსრულებისა შემდგომ ნუ დამიტევებ მე. (მეტანია)

ლოცვა ესე წარსთქვი მუხმოდრეკილმა:

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მიმიღე წიაღსა შენსა მომკვდარი სულითა და გონებთ, მიმიღე მე ცოდვილი, უძღები, შემწიკვლებული სულითა და ჴორცით, განმიტფე მტრობით გაყინული გული და ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუ მასმენ მეუფეო: „არა გიცი შენ“, არამედ ისმინე ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა. მიჴსენ მე, რამეთუ გაქვს დიდი წყალობაჲ და არა გნებავს წარწყმედა ცოდვილისა, არ დაგეჴსენები შემოქმედს ჩემსას და არცა განგიდგები რათა გასმინო ჴმაჲ ჩემი და მომიტევო შეცოდებანი ჩემნი მეოხებითა ლოცვათა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, შუამდგომლობითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, წმიდისა დიდებულისა მცველისა ანგელოზისა ჩემისა, წინაჲსწარმეტყველისა და წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ღმრთისმეტყველთა მოციქულთა, წმიდათა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შემიწყალე და მიჴსენ მე ცოდვილი. ამინ!
მეუფეო ზეცათაო... წმიდაო ღმერთო... მამაო ჩვენო...
ღმრთისმშობელო ქალწულო...

შემდგომ ვიწყებთ 5-გზის ლოცვებს:
ლოცვა 1.

ჵ, გულმოწყალეო დედაო, ქალწულო მარიამ, ცოდვილი და შემწიკვლებული (მონა / მხევალი) შენი, მოვიჴსენებ ტკივილსა შენსა გესმა რა სვიმეონ წინაჲსწარმეტყველისაგან, რომ მოჰკვლიდნენ უმოწყალოდ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, მოგართუამ ლოცვასა ამას, მიითუალე ღირსებად და ჴსენებად ტკივილისა შენისა და ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, რათა მომანიჭოს ცოდვათა ჩემთა შეცნობა და სინანული მათზედა. ამინ! (მეტანია)

ლოცვა 2.

მამაო ჩვენო... ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

ჵ, ყოვლად ნეტარო და ყოვლად უბიწოო, დედაო ქალწულო, მიიღე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა (მონისა / მხევლისა) შენისაგან ლოცვაჲ ესე, ღირსებად და ჴსენებად ტკივილისა შენისა, რომელი განიცადე, ოდეს დაჰკარგე ძე შენი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე იერუსალემს ტაძარსა შინა და სამ დღე არ გეხილვა იგი. მას ევედრე და გამოითხოვე მისგან ყოველთა ცოდვათა ჩემთა მიტევება და დატევება მათი, ყოვლადსადიდებელო. ამინ! (მეტანია)

ლოცვა 3.

მამაო ჩვენო... ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

ჵ დედუფალო საწუთოჲსაო, ყოვლადკურთხეულო სძალო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა, (მონისა / მხევლისა) შენისაგან, ლოცვაჲ ესე, ღირსებად და ჴსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ძე შენი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე შეკრულ იქნა და შეპყრობილ. მას ევედრე, რათა დამიბრუნოს სათნოებანი ჩემნი ცოდვით განდრეკილნი, ხოლო შენ ყოვლადწმიდაო გადიდებ უკუნისამდე. ამინ! (მეტანია)

ლოცვა 4.

მამაო ჩვენო... ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

ჵ, გულმოწყალებისა წყაროო, ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა (მონისა / მხევლისა) შენისაგან, ლოცვაჲ ესე, ღირსებად და ჴსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ავაზაკთა შორის ჯვარცმული იხილე ძე შენი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მას ევედრე ღმრთისმშობელო, რათა მოიღოს წყალობაჲ თჳსი ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა და მაზიაროს საღმრთოსა ჴორცსა და სისხლსა თჳსსა, ხოლო შენ მეოხო ჩემო, გადიდებ უკუნისამდე. ამინ! (მეტანია)

ლოცვა 5.

მამაო ჩვენო... ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...

ჵ, სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა (მონისა / მხევლისა) შენისაგან ლოცვაჲ ესე, ღირსებად და ჴსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს იხილე ძე შენი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, საფლავად დადებული, მას ევედრე, ღმრთისმშობელო, რათა მომევლინოს ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა და მიიღოს სული ჩემი საუკუნო სასუფეველსა შინა, ამინ! (მეტანია)

ჵ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, დედუფალო ღმრთისმშობელო, მონათა შენთა მოყვარეო ტრედო უმანკოო, ცისა და მიწის მპყრობელო დედუფალო, შემწყნარებელო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა ლოცვითა, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო; მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა (მონისა / მხევლისა) შენისაგან ხუთგზის ლოცვაჲ ესე, სადა მოვიჴსენებ ეგრეთვე მიწიერ და ზეციურ სიხარულთ შენსას:

(მიწიერი სიხარული).

გიხაროდენ, რომელმან უთესლოდ მუცლად იღე უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გიხაროდენ, რამეთუ უმტკივნეულოდ იტვირთე იგი წიაღსა შინა შენსა. გიხაროდენ რომელმან ჰშევ სასწაულებრივად. გიხაროდენ, რომელმან მიიღე მოგვთაგან ძღვენი და თაყვანისცემაჲ, გიხაროდენ, რამეთუ ჰპოვე მოძღვართა შორის ძე შენი და უფალი შენი. გიხაროდენ, რამეთუ შობა შენი მრავალს აღადგენს მკვდრეთით. გიხაროდენ, რამეთუ იხილე ზეცად აღმავალი შემოქმედი შენი, შენ თჳთ ამაღლდი მასთან სულითა და ჴორცით.

გიხაროდენ, უბიწოებისა შენისათჳს ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა უწმიდესო. გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა სამებისა მახლობელად ჰბრწყინავ. გიხაროდენ მშვიდობისმყოფელო ჩვენო. გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მპყრობელო. გიხაროდენ, რომელსა გაქვს უმეტესი კადნიერებაჲ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. გიხაროდენ დედაო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენი არ წყდება უკუნისამდე. ამინ!

წარმომიდეგ მე უღირსსა ჭეშმარიტისა შენისა აღთქმისაებრ ჟამსა განსვლისა ჩემისასა ამა სოფლიდგან და წარმიძეღუ ზეციური იერუსალემისაკენ, სადა მეუფებ ბრწყინვალედ ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა თანა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდით მისითურთ აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ!

შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არაწმიდისაგან ენისა, სულისაგან მწიკულოევანისა, მიითვალე ყოვლადწმიდაო დედუფალო, ქება ესე, სიხარულო ჩემო, მიითუალე ვითარცა ქვრივისა ორი მწულილი, და მომანიჭე მადლი, გიძღვნა ძღვენი ღირსი დიდებისა შენისა ოხი, ყოვლისა მპყრობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო ცათა სასუფევლისაო, რამეთუ გნებავს და ძალგიძს, მასწავე ვითარ მოგმართო, შენ დედას უფლისას, მხოლოსა საფარველსა და ნუგეშინისმცემელს ცოდვილთასა. გიხაროდენ, დედუფალო, რამეთუ დაცემული ცოდვათა შინა, სიხარულით გიხმობ შენ, ყოვლადქებულო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო. ამინ!

ვუმზერ ხატსა შენსა წმიდასა, ვითარცა თჳთ შენ, ღმრთისმშობელო, მტკიცე რწმენით, სულითა და გულით შეგივრდები და თაყვანს გცემ მარად ყრმა იესუთი, რომელი გიპყრიეს ჴელთა შენთა, ღმრთივშვენიერად გადიდებ და გევედრები ცრემლით: დამიფარე საფარველითა შენითა ხილულ და უხილავ მტერთაგან, რომელმან ადამის მოდგმა ღირს ჰყავ ცათა სასუფეველისა, ამინ!

შემდგომ ლოცვათა, ვამბობთ:

ღირს არს...

დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთჳს, რაჲცა მოგვაგო ჩვენ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო