იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა

შეიწყნარე აწ დიდებულო, დედუფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრება ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან, და უფროსღა ჩემისა უძლურებისამან! მე უკვე შენ მიერ ვიცან გზა ჭეშმარიტებისა, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკვდინეთა, რომლისათჳს საქმენი ჩემნი, და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყჳთნი, მეცნიერებით და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ, და შენ შუამდგომელად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღმრთისა მომიგიე! შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანა-მოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა! შენ უწყი ზესთა სახიერო დედუფალო, რამეთუ სიჩჩოთგან ფრჩხილთა ჩემთათ და დედობრივთა წიაღთათ შენდა შევვარდი, და შენ შეგევედრე, დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა ვუწყი სხვა შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ჴელის-აღმპყრობელი, და ღმრთისა მიმართ შუამდგომელი. გარნა შენ დედუფალო ჩემო, ყოველთავე საქმეთა ჩემთა შენ მიგითხრობ, და შენ აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხო, და არა მაქვს ადგილი სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი დედისა ქრისტეს ღმრთისა ჩემისა, შენ ხარ შემწე ჩემი დედუფალო, შენ ხარ მსხნელი ჩემი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ჩემი ღმრთისა მიმართ თავსმდები, შენ მამა ჩემი, შენ ჩემი წინამძღვარი, შენ ჩემი მოგზაური, შენდამი დამიძს ყოველი სასოება ჩემი! შენ იცი უღონოება ჩემი, რამეთუ არავინ მაქვს გარნა შენ, და შენგან შობილი ქრისტე. ამისთჳს ნუ მომიძაგებ, და ნუ განმირისხდები მე სახიერო, ნუცა ჰსძლევს სიმრავლე ბოროტთა ჩემთა შენსა სახიერებასა, გაქვს უფსკრული მოწყალებისა, ვითარცა ზესთა მოწყალისა ღმრთისა დედასა, მხოლოდ ინებე და მე ვჰსცხოვნდე, ვერავინ წინა აღგიდგების შენ, რამეთუ დედა ხარ, რომელმან ყოველივე შექმნა, ღმრთისა ჩემისა იესუჲსი! ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, და არა ვარ ღირს აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, არამედ შენ თუ მოიხილავ ჩემ ზედა, არა ვინ არს დამაყენებელ! შემეწიე მე წმიდაო დედუფალო ჩემო, შემეწიე მე, და ნუ შემერაცხების მე ესე ცოდვად, დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, არამედ უფროსღა მომეც მე წყარო ცრემლთა, მომეც მე სულთქმა და შემუსრვა გულისა, რათა ვჰსტიროდე უბადრუკთა საქმეთა ჩემთა! რამეთუ მე ვარ დედუფალო ღმრთისმშობელო, უფსკრული ცოდვათა, მე ვარ, რომელმან ყოველთა ზესთა ბუნებათა ვიუსჯულოე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. ვიცი დედუფალო, რამეთუ უსიტყველ ვარ, და უღირს ყოვლისა კაცთმოყვარებისა, და ღირს ყოვლისა ტანჯვისა, და არა მაქვს სიტყვა სიტყჳსა მიცემად, ამისთჳსცა მოწყალებისა მიმართ ძისა და ღმრთისა შენისა მოვივლტი, და სახიერისა მეუფისა და შემოქმედისა ჩემისა, შენ მიძღოდე მე და მმართებდე, და განმჰსწავლე მე ღმრთისმშობელო. უსასყიდლოდ ვეძიებ შენგან მდიდართა წყალობათა, შემიწყალე მე ვითარცა გნებავს, და ვითარცა ჰბრძანებ, ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან, და ნუ განმაშორებ საფარველსა შენსა, ნუ უცხო მყოფ შენისა მოწყალებისაგან, შემიწყალე მე უცხო, შემიწყალე მე მოსავი შენი, შემიწყალე მე, რომელსა ყოველი სასოება ჩემი დამიძს შემდამი, და მასწავე მე ძლიერება შენი ღმრთისმშობელო. და რამეთუ უკეთუ მაცხოვნო ცოდვილი, დიდ არს წყალობა შენი, დიდ მოწყალება შენი, დიდ ძვირ-უჴსენებლობა და სულგრძელება! და რამეთუ უკეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკვირველ, არამედ უფროსღა მე შემეწიე, არამედ მე შემიწყალე! მომეც ჴელი შეწევნისა, რომელი ქვემდებარე ვარ, მე უდებსა, მე დახსნილსა, მე უმადლოსა და უგულისხმოსა, ფიცჴელსა და უნანელსა, და ყოვლითა ძვირითა საქმითა და სიტყჳთა შეგინებულითა აღსავსესა, და წესითაცა უცხოსა ყოვლისა კეთილის მოქმედებისაგან! ჵ, დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, მოწყალე იქმენ ჩემ ზედა უღონოსა, უცხოსა და საწყალობელსა, და ჰყავ ჩემ ზედა მდიდრად წყალობაჲ შენი, რათა ცხონებულმან ვაქო შენგან შობილი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი ჩემი, და გადიდო შენ ჩემი მაცხოვარი, ჩემი ნუგეშინისმცემელი, ჩემი ჴელის-აღმპყრობელი, და ჩემი მცველი! შემეწიე მე წმიდაო დედუფალო, შემეწიე მე და ღირს-მყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რათა ვჰყო ნება ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა, და რათა ვჰმსახურო მას ვითარცა ჯერ არს! და ესრეთ აღვესრულო, დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, და წმიდათა ანგელოსთა მიერ ძღომილ ვიქმნე მისისა მის წმიდისა და ნათლით შემოსილისა საყოფელისა მიმართ, რამეთუ მისა ჰშვენის, ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო