იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)



სარჩევი

ლოცვანი და დასდებელნი შესვენებულთანი

სარწმუნოებით დაძინებულთა გალობასა მივართვამ

დასაწყისი ლოცვები

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). დიდება... აწ და...
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 90

1. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუადღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და - ბევრეულნი მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძჳრი და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.
დიდება... აწ და... ალილუია... (3-გზის)

ტროპარი, ჴმა მე-4

რომელი სიღრმითა მით სიბრძნითა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები), რამეთუ შენდა მომართ აქვნდათ სასოებაჲ შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყვარისა ღმრთისა.
დიდება...

მოიჴსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მონანი შენნი (სახელები), რაოდენიცა რა სოფელსა შინა ჰსცოდეს, შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველი, გარნა შენ მხოლო, რომელსა ძალგიძს მიცვალებულთა მიცემად განსვენებაჲ.
აწ და...

შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და მეოხი კეთილად შემწყნარებელ მისა მიმართ, რომელი შევ შენ, ღმრთისმშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.

კონდაკი

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.

იკოსი

შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ კაცნი და დაჰბადენ, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადნეთ და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარ იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე: ვითარმედ მიწა ხარ შენ და მიწადვე მიიქეც, სადა იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყჳთ საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.

წარდგომანი

ჩვენთჳს დაითმინე ჯვარცმაჲ და სიკვდილი, და ჯოჯოხეთისა იგი ძალი წარმოსტყვენე, და შენ-თანა აღადგინენ პირველ მომწყდარნი კაცნი, ეგრეთვე აწ განუსვენე, რომელნი ჩვენ მიერ მოიცვალნეს, ვითარცა კაცთმოყვარემან ღმერთმან, საზარელსა და საშინელსა მოსლვასა შენსა, ცხორების მომცემელო, ექმენ მწყალობელ მორწმუნეთა ერთა შენთა მრავლითა მოწყალებითა შენითა და სასუფეველსა შენსა ღირს-ჰყვენ.
დიდება...

რომელი შვებაჲ სოფლისა დაადგრების თჳნიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქვეყანასა ზედა შეუცვალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს-არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო ჰყოფს, არამედ ნათელსა პირისა შენისასა ქრისტე, და სიტკბოებისა შენისა მშვენიერებისასა, რომელნი გამოირჩიენ, განუსვენე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
აწ და...

განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა (სახელები) და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს, უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველნივე, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილი, კაცთმოყვარე.

დასდებელნი შესვენებულთანი

განმიხვენ კარნი ლოცვათა ჩვენთანი და მოგვმადლე ჩვენ შენი მოწყალება, და მოიჴსენენ, უფალო, სულნი რომელ შეივედრენ.

სულითა ნათელ ხარ შენ ქრისტე და წმიდათაგან იდიდები, ლოცვაჲ ესე ჩვენი დღეს ღირსებით შეიწირე, რამეთუ წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ, კაცთმოყვარეო ღმერთო და მრავალმოწყალეო, მოიჴსენენ სულნი შესვენებულთანი (სახელები) და განუსვენე მათ საყოფელთა მართალთასა.

განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელი) მართალთა და რჩეულთა შენთა თანა, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

მცნებათა გარდასვლითა ეუფლა სიკვდილი ადამს, ხოლო აღდგომითა შენითა დაცემისაგან აღადგინე, ჩვენ გევედრებით, მაცხოვარ, აღსრულებულთა სულთა შესვენებულთასა (სახელები) განსვენებაჲ მიჰმადლე სასუფეველსა შენსა და რომელი შეგცოდა, შენდობა ყავ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

საშინელსა მოსვლასა შენსა, რაჟამს საქმეთაებრ მიეგებვოდის, მაშინ ულხინე სულსა მონათა შენთასა და განუსვენე.

ადგილსა ნათლისასა და გუნდსა შორის მართალთასა, განუსვენე მაცხოვარო შენდა მიცვალებულთა და შენ გესვიდეს კაცთმოყვარე. შეიწირე ვედრებაჲ მამათათჳს და შვილთა, რომელთასა აღვასრულებთ ჴსენებასა და განამართლენ იგინი ვითარცა მრავალმოწყალემან.

მოიჴსენენ, უფალო, სულნი შესვენებულთანი საუკუნოსა შენსა საშვებელსა და განუსვენე.

დაღაცათუ ხისა მისგან მცნებისა გარდასვლითა სიკვდილი მოიწია ნათესავსა ზედა კაცთასა, არამედ ძალითა ჯვარისათა ცხორებაჲ მორწმუნეთა აღმოუბრწყინდა. რამეთუ ცოცხალთა და მკვდართა მეუფე ხარ, ქრისტე ღმერთო, მიჰმადლე მონათა შენთა (სახელები) ცხორებაჲ საუკუნოჲ და განუსვენე.

სულსა მონათა შენთასა განუსვენე მაცხოვარ, და წიგნსა მას ცხოველთასა დააწესენ.

ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ, სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცვალებულნი დააწესენ ზეცისა სამკვიდრებელსა, სადა იგი არს შვებაჲ გამოუთქმელი და მოწამეთა გუნდი წმიდა იხარებს.

გარდაცვალებულნი მონანი შენნი სოფელსა მას ცხოველთასა დააწესენ, მაცხოვარ, და ღირს ყვენ იგინი მადლობით ქებად შენდა, ძეო ღმრთისაო.

შენ მხოლო იქმენ კაც თჳნიერ ცოდვისა და შენ მხოლომან აღიხვენ მოწყალებით ცოდვანი სოფლისანი, ამისთჳს ვითხოვთ, განუსვენე სახიერ შესვენებულთა წმიდათა თანა, სამოთხისა შვებასა.

ღირს მყვენ ჩვენ, უღირსნი მონანი შესვლად და დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა, და მოიჴსენენ, უფალო სულნი რომელ შეივედრენ.

ბრწყინვალებითა ნათლისა შენისათა განაბრწყინვენ, უფალო, ღელვათაგან ამის სოფლისათა შენდა მოცვალებულნი და დააწესენ მოწამეთა შენთა თანა, გალობად შენდა ქრისტე, უკუნისამდე.

შენ, რომელმან გარდაცვალებულთა სულნი ანგელოზთა მიერ სამოთხისა შვებასა წარავლინენ, ღმერთსა და უფალსა გალობით გადიდებთ.

მეორე ადამ, ადამის შემოქმედი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი და წყევაჲ იგი ადამიანთა განაქარვე მხოლომან, აწცა სახიერ, მიმადლე სულთა მიცვალებულთა, ფუფუნებაჲ იგი სამოთხისა.

შენ, რომელსა გაქვს ჴელმწიფებაჲ ცხოველთა და მკვდართა, განუსვენე სულთა სარწმუნოებით შესვენებულთა.

სიკვდილითა სიკვდილი მოაკვდინე, რაჟამს იქმენ მხოლოო, მხოლო მკვდართა თანა თავისუფალ და აწ ცოდვისა სიკვდილისაგან, მეუფეო, იხსნენ მონანი შენნი და მკვიდრ ჰყვენ სასუფეველსა ზეცათასა.

იხილეთ, იხილეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, ძე ღმრთისა, მაცხოვარი სოფლისაჲ და აღდგომაჲ შესვენებულთა.

ვითარცა იგი მიანიჭე სამოთხე ავაზაკსა მას მორწმუნესა, მაცხოვარ, ეგრეთვე სულნი მორწმუნეთა შენთანი, პირმშოთა თანა განსვენებასა ღირს-ჰყვენ და ბრალთა მათთა მიტევებაჲ მიმადლე.

მხოლოო სახიერო, სულნი მონათა შენთანი რჩეულთა შენთა თანა დააწესენ და განუსვენე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, უფალო.

ქრისტე, რომელი მოხვედ მხსნელად ჩვენდა, მიცვალებულნი სულნი ლაზარეს თანა წიაღთა აბრაამისათა დაამკვიდრენ წყალობით, რომელთა იგი შენდა მომართ აქვნდათ სასოებაჲ.

განაწესენ ნათელსა შინა, მაცხოვარ, სულნი მონათა შენთანი, ვითარცა სახიერ ხარ და მხოლოჲ, ყოვლადძლიერი მეუფე საუკუნოჲ.

შუამდგომელ და მოციქულ მშვიდობისა შენისა იქმენ, მეუფეო, და შენდა მიმართი მრავალჟამეული მტერობაჲ ჩვენი დაჰჴსენ და აწცა მონათა შენთა წყალობით განუსვენე.

ქრისტე, მაცხოვარ, განუსვენე სულთა შესვენებულთასა (სახელები) სამოთხესა საშვებელისასა წმსდათა შენთა თანა.

მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცვალებულთა მონათა შენთა განბანე სახიერო და საღმრთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა თანა აღრაცხენ, რათა გაკურთხევდენ შენ.

მოიჴსენენ, უფალო, სულნი გარდაცვლებულთანი და მკვიდრ-ჰყვენ იგინი, სასუფეველსა წმიდათა შენთა თანა.

სიკეთისა და ბრწყინვალებისა შენისა შვებად ღირს-ჰყვენ მიცვალებულნი, ქრისტე ღმერთო, და უკანასკნელი უშვერებაჲ ცოდვისა განაძარცვე და წმიდა-ჰყვენ ცოდვათაგან, ვითარცა კაცთმოყვარემან უფალმან, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელი უცხოდ გამოსჩნდი ცოდვისაგან.

სახიერ, სულნი რომელ ბრძანებითა შენითა შეივედრენ, მათ განსვენებაჲ მიჰმადლე, ვითარცა მოწყალე ხარ.

გევედრებით, ქრისტე, შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირსჰყვენ მიცვალებულთა სულნი და დაამკვიდრენ მართალთა სადგურსა, ზეცისა საყოფელსა სავანეთა წმიდათასა, მოწყალებითა შენითა და დაივიწყენ შეცოდებანი მათნი და მიმადლე, მაცხოვარ, განსვენებაჲ.

ძლიერო და უკვდაო, უფალო, სარწმუნოებით შესვენებულნი (სახელები) ნათელსა დააწესენ სამარადისოსა.

კაცთმოყვარეო ღმერთო და მოწყალეო, მოწყალე მექმენ ქმნულსა ჴელთა შენთასა და განუსვენე ზეცისა სავანეთა სარწმუნოებით შენდა მიცვალებულთა და მოწამეთა დიდებასა ზიარჰყვენ.

უფალო, ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ განუსვენე სულთა შესვენებულთასა, ვითარცა მოწყალე ხარ.

საშვებელისა მდინარესა, ასვამ რჩეულთა შენთა სამარადისოდ, უფალო. აწცა შესვენებულნი ესე (სახელები) მათ თანა დააწესენ და წყალთა ზედა შენდობისათა გამოზარდენ, ქრისტე.

რომელი გარდასცვალენ სოფელსა მას ცხოველთასა, განსვენებასა ღირს ყვენ, უფალო.

ცხოველთა და მკვდართა ზედა ჴელმწიფებ, მეუფეო, და მიწისაგან ქვეყანით აღადგინებ დაძინებულთა. აწცა შესვენებულნი ეზოთა შენთა დაამკვიდრენ და განუსვენე.

რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, და დასთრგუნე სიკვდილი, სულთა შესვენებულთასა განუსვენე, უფალო.

გევედრებით შენ, სიტყვაო, რომელნიცა მიიღენ ჩვენგან, გუნდსა რჩეულთა შენთასა აღრაცხენ და უაღრესისა ცხოვრებისა ზიარ გამოაჩინენ.

რომელი მოკვდავთა ცხორება ხარ, სულთა აღსრულებულთასა (სახელები) განუსვენე, უფალო.

ხრწნილებაჲ ჩვენი შეიმოსე, სახიერ, და უხრწნელებითა შენითა შეამკევ და უკვდავსა მას და სამგზის სანატრელსა შვებასა აღამაღლე, სადა იგი ღირს-ჰყვენ დამკვიდრებად, რომელნი შეივედრენ.

მართალ და წმიდა არს უფალი, რომელი აღდგა მკვდრეთით და აცხოვნა კაცი.

ვითარცა ყვავილი დაჭნების და ვითარცა სიზმარი წარხდების და განიბნევის ყოველი კაცი და კვალად ჴმა-ჰყოს რა საყვირმან, ვითარცა ძრვისაგან აღსდგენ მკვდარნი ყოველნი მიმთხვევად შენდა, ქრისტე ღმერთო, მაშინ, მეუფეო, რომელნი მისცვალენ ჩვენგან, წმიდათა შენთა საყოფელსა დააწესენ სულნი მათნი, სახიერო.

უფალო, რომელმან ჭეშმარიტითა სასოებითა აღდგომისათა მიეც შვებაჲ მიცვალებულთა, აწცა მონანი შენნი განსრულნი ამიერ სოფლით მკვიდრ-ჰყვენ ცხორებასა მას საუკუნოსა.

რომელი ცხოველთა და მკვდართა, ვითარცა ღმერთი, უფლებ ყოველთა, ჴელმწიფებით ცხოვრების მომცემელო, შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა, აჩვენე მოწყალებაჲ შენი კაცთმოყვარე და მიეც მიტევებაჲ სულთა, რომელნი სასოებით მოიცვალნეს შენდა, კეთილნაწლეობისათჳს შენისა ვითარცა სახიერმან.

განუსვენე, უფალო, სამოთხესა ფუფუნებისასა მონათა შენთასა (სახელი) და მიჰმადლე შენდობაჲ ცოდვათა, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

ქრისტე მაცხოვარ, რომელმან იხსნენ კაცნი სიკვდილისაგან სიკვდილითა შენითა, სულნი მონათა შენთა მორწმუნეთანი მკვიდრ-ჰყვენ წმიდათა საყოფელსა საღმრთოსა, სადათ იგი წარხდა ყოველი სალმობაჲ.

უფალო, საწერტელი სიკვდილისა შეჰმუსრე და აწ ვედრებითა ჩვენითა სულთა მიცვალებულთა (სახელები) მიეც ცხოვრებაჲ.

სისხლითა მაგით გვერდისა შენისათა, ყოვლად ძლიერო, მოიყიდე სოფელი, აწცა ძალითა ვნებათა მათ შენთათა, აცხოვნენ სულნი მორწმუნეთა შენთანი, რომელი ეგე იქმენ სახსარ ყოველთა.

უფალო, სადა იგი არს, ყოველთა მოხარულთა წმიდათა შენთა მკვიდრობა, მორწმუნენი საუკუნითგან დაძინებულნი ღირს-ყვენ შვებასა და ნუ მოიჴსენებ ცოდვათა მათთა.

რომელი ეგე ხარ ყოველთა მეუფე, ადამიანნი იხსნენ მათთჳს ჯვარცმითა, ამისთჳსცა გევედრებით მოწყალეო, მიცვალებულთა განსვენებაჲ მიჰმადლე და მიტევება ცოდვათა მიანიჭე.

რომელნი ესვიდეს ჯვარსა შენსა, მონანი შენნი შენდა მოიცვალნეს, კაცთმოყვარე, მოწყალებითა შენითა აცხოვნენ სულნი მათნი.

ადგილთა განსვენებისათა, ვითარცა მოწყალე ხარ, წიაღთა აბრაამ რჩეულისა შენისათა, ღირს-ჰყვენ შვებად მიცვალებულნი, რათა ჴმა-ჰყონ შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდა, შენსა გარეშე ღმრთისა ჩვენისა.

უფალო, ცოდვათა შენდობაჲ მიჰმადლე მიცვალებულთა (სახელები) განუსვენე და მადლითა შენითა განწმედილად გამოაჩინენ იგინი.

ექმენ მაცხოვარ და მხსნელ ადამიანთა ვნებითა შენითა წმიდითა, უფალო, ამისთჳს, რომელნი იგი ჩვენგან გამოირჩიენ, საუკუნეთა შვებათა დაამკვიდრენ და ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ მიჰფინე.

უფალო, რომელმან უწყი ბუნებისა ჩვენისა უძლურებაჲ, სახიერ, სულნი რომელი მისცვალენ, დააწესენ, სადა იგი მიხედავს საღმრთოჲ ნათელი პირისა შენისა დაუვალი.

არავინ-არს ყოვლად უცოდველ კაცთაგანი, არავინ-არს, არამედ გარნა შენ მხოლო უკვდავი მეუფე, ამისთჳს მონანი შენნი ნათელსა დააწესენ სახიერ, კრებულსა თანა ანგელოსთასა მოწყალებითა შენითა და მიეც მათ მიტევებაჲ ცოდვათა.

რომელმან ბჭენი და მოქლონი მტკიცენი სიკვდილისანი შეჰმუსრენ სიკვდილითა შენითა, მხსნელო, ბჭენი ცხორებისანი და უკვდავებისანი განუხვენ სულთა შესვენებულთასა (სახელები).

მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცვალებულთა მონათა შენთა განბანე, სახიერო, და საღმრთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა თანა აღრაცხენ, რათა გაკურთხევდენ შენ.

მკვდრად შეირაცხე რა უშჯულოთა თანა, უკვდავი ცხორებაჲ მიანიჭე მოკვდავთა. აწცა მონათა შენთა განსრულთა ამიერ სოფლით განსვენებაჲ მიჰმადლე.

უშრეტისა ცეცხლისა და ბნელისაგან წყვდიადისა გარესკნელისა და ღრჭენისა კბილთასა და მატლისა მისგან წამლიანისა, მწარისა და სხვათა მათ პირად-პირადთა ტანჯვათაგან იხსნენ, მხსნელო, მორწმუნეთა სულნი.

რაჟამს განიკითხავდე ყოველთა წინაშე პირსა შენსა მდგომარეთა შიშველთა, მაშინ, მრავალმოწყალე, რომელთა იგი გმონეს სარწმუნოებით, (სახელები) შეიწყალე და განუსვენე.

უჩინოთა და დაფარულთა განმკითხველო, რაჟამს გამოაცხადნე საქმენი ბნელისანი და განზრახვანი გულთანი, მაშინ ყოვლადძლიერო, ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა, ნუცა მიჰხდი სიტყვასა და პასუხსა შენდა სარწმუნოებით მიცვალებულთა მორწმუნეთა არამედ მიეც შენდობა ბრალთა მათთა.

უფალო, შეიწირე საჴსენებელი შესვენებულთაჲ და მიეც მათ განსვენებაჲ, რომელნი მოელიან ღმრთეებით მეორედ მოსვლასა შენსა.

რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე, რომელნი სოფლისა ამის, ამაოსაგან და აჩრდილთა სიკვდილისათა მისცვალენ, ნათელსა შენსა საღმრთოსა დააწესენ და მიეც შენდობაჲ ცოდვათა.

შენ, რომელმან მიეც სარწმუნოებით შესვენებულთა წმიდათა შენთა თანა ნათელსა მას განსვენებაჲ, ქრისტესა, ღმერთსა და მაცხოვარსა, გალობით გადიდებთ.

დიდ-არს და ფრიად მოწყალებაჲ შენი და უფსკრულ განუზომელ, ზღვა კაცთ-მოყვარებისა შენისა. ცოდვათა შენდობაჲ მიმადლე მიცვალებულთა და მადლითა შენითა, ქრისტე, განწმედილად გამოაჩინენ იგინი.

შენ, ზეცათაო და დიდებისა მეუფეო, რომელმან გარდაცვალებულთა სულნი (სახელები) რჩეულთა შენთა თანა აღრაცხენ, ღმერთსა და უფალსა გალობით გადიდებთ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდება... აწ და... უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ!

სულის დასდებელნი - სახსენებელი სულთა.
გამოკრებული პარაკლიტთნის შაბათის მიცვალებულთა მსახურებიდან და უძველესი იადგარიდან.
(VII-IX ს. ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული).
ტექსტი გამოკრიბა და გამოსაცემად მოამზადა თინათინ მჭედლიშვილმა


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო