იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“

მეოხია, სიყრუისაგან განკურნებისა.

მოულოდნელი სიხარული

ჵ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერისა ძისა სახიერო დედაო, სამეუფოჲსა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისა მფარველო და ყოველთა ცოდვილთა მწუხარებათა, განსაცდელთა და სნეულებათა შინა მყოფთა უეჭველო წინამბრძოლო და ჴელის-აღმპყრბელო! მიითვალე სავედრებელი გალობაჲ ესე ჩვენ უღირსთა მონათა შენთაგან, შენდა შეწირული და ვითარცა ძველ-ოდესმე პატიოსნისა ხატისა შენისა წინაშე მრავალგზის მლოცველი ცოდვილი არა მოიძაგე, არამედ მიანიჭე მოულოდებელი სიხარული სინანულისა და მოწყალე ჰყავ ძე შენი და ღმერთი ჩვენი, ეგრეთცა ჩვენ ყოველთა, სარწმუნოებითა და შემუსვრილებითა გულისათა თაყვანისმცემელთა წინაშე კურნებისმომნიჭებელისა ხატისა შენისათა, მოგვანიჭებს მოულოდებელსა სიხარულსა საჴმართაებრ: ბოროტებათა და ვნებათა უფსკრულში შთაგდებულთა ყოვლადქმედითსა გულისჴმისყოფასა, სინანულსა და ცხონებასა; მწუხარებათა და უსასოობათა შინა მყოფთა ნუგეშინის-ცემასა; უბედურებათა და განბოროტებათა შინა პოვნილთა ამათგან ერთიანად დახსნასა; სულმოკლეთა და სასოწარკვეთილთა, სასოებასა და მოთმინებასა; სიუხვეთა და სიხარულთა შინა მყოფთა, განუწყვეტელსა მადლობასა ქველისმოქმედისა ღმრთისადმი; ჭირთა შინა შთაცვევნილთა მოწყლებასა; სნეულებათა შინა მყოფთა და მკურნალთაგან დატევებულთა მოულოდებელსა კურნებასა და განმტკიცებასა; სნეულებისაგან გონების წარმგებელსა მოაგებ გონებასა და მიჰმადლი განახლებასა; სამარადისოსა და დაუსრულებელსა ცხოვრებასა წარმავალთა ჴსენებასა სიკვდილისასა, შემუსვრილებასა გულისასა და განცდასა თჳსთა ცოდვათა; სულსა ფხიზელსა და მსაჯულისა მოწყალებისადმი სასოებასა მტკიცესა. ჵ, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე იქმენ ყოველთა ზედა პატივისმცემელთა ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა და ყოველთა გამოუცხადე ყოვლადძლიერი მზრუნველობა შენი და შემწეობა: ღმრთისმოსაობითა, სიწმინდითა და პატიოსნებითა ცხორებულნი ვიდრე აღსასრულამდე სახიერებითა დაიცვენ; ბოროტეულნი კეთილ-ჰყვენ; გზაშეცდომილნი მოაქციენ; ყოველთა კეთილთა საქმეთა და ძისა შენისათჳს სათნოთა შემწე-ეყავნ; ყოველი საქმე ბოროტი და წინააღმდგომი ღმრთისა დაჰჴსენ; მოუხვდომელთა და საძნელოთა და საშიშართა გარემოებათა შინა მყოფთა გარადამოუვლინე ზეცით გამო შემწეობა და გულისჴმის-ყოფა; საცთურთაგან და წარწყმედისაგან მიჴსენ, კაცთაგან ბოროტთა და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და დამიფარენ ჩვენ; მენავეთა თანამენავე ექმენ, მოგზაურთა თანამოგზაურ, ჴელმოკლეთა და მშიერთა ექმენ მასაზრდოებელ; უსახლ-კაროთა საფარველ და თავშესაფარ; შიშველთა სამოსელ, უსამართლოდ დევნულთა და შეურაცხყოფილთა თანამდგომელ; ცილისმწამებელნი და მაგინებელნი წინაშე ყოველთა ამხილე; განძვინებულად დამტერებულთა მოულოდებელი მიჰმადლე შერიგებაჲ და ჩვენ ყოველთა სიყვარული ურთიერთარს, მშვიდობა, ღმრთისმოსაობა და ჯანმრთელობა დღეგრძელობისა თანა. მეუღლეობაჲ სიყვარულითა და ერთითა აზრითა დაჰმარხე; მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფნი ცოლ-ქმარნი დაამშვიდენ. შეჰრთე ურთიერთარს და საკრველი სიყვარულისა დაჰრთე განუხსნელად; დედათა მიდგომილთა მიანიჭე მშობიარობა მარჯვჱ, ყრმანი აღზარდე, სიჭაბუკე განსწავლე, განახვენ გონებითნი ნიჭნი მათნი შესამეცნებელად ყოვლისა სარგებელისა მოძღვრებისა, შიში ღმრთისაჲ, მოთმინებაჲ და სიყვარული შრომისა ასწავე; სახლეულნი მშვიდობითა და სიყვარულითა გარეშეზღუდე შფოთისა და მტერობისაგან; ობოლთა ექმენ დედა. ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გარე მიაქციე, და ყოველსა კეთილსა და ღმრთივსათნოსა შეჰრთე, ხოლო ცთუნებულნი და ცოდვათა და არაწმიდებათა შინა შთაცვენილნი, ცოდვისა შეგინებითა მიმძლავრებულნი, უფსკრულთაგან წარწყმედისათა აღმოიყვანე; ქვრივთა ნუგეშინისმცემელ და შემწე ექმენ; სიბერესა კერთხდასაყრდნობელ; მოულოდებელისა სიკვდილისა, უნანელად განყვანებისაგან მიჴსენ და ჩვენ ყოველნი ქრისტეანულსა აღსასრულსა და წინაშე ქრისტეს საშინელსა სამსჯავროსა უვნებელად, ურცხვენელად, მშვიდობით და კეთილად სიტყჳს-გებად ღირს-მყუენ; სარწმუნოებითა და სინანულითა აღსრულებულნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ცხოვრებასა განაწესე; მოულოდებელად აღსრულებულთა მოწყალე ექმენ და შეჰვედრე ძესა შენსა, და ყოველთა ნათესავთა გარეშე დაშთენილთა შესვენებულთა განსვენებისთჳს ევედრე ძესა შენსა და თჳთ ექმენ მათ თბილ და მიურულებელ მვედრებელად და შუამდგომელად; ყოველთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა მყოფთა უწყოდიან, ვითარმედ შენ ხარ მტკიცე და ურცხვენელ წინააღმდგომ ნათესავისა ქრისტეანეთასა და გადიდებენ შენ და შენ მიერ ძესა შენსა თანადაუსაბამოჲთ მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო