იულიუსის კალენდრით:
14 ივლ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია



სარჩევი

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „წარწყმედულთა მომპოვნებელი“

მეოხია, თავის, კბილის, თვალის სნეულებათა განკურნებისა;
მომაკვდავ ყრმათა;
ღმრთივსათნო ქორწინებისა;
ევედრებიან, მართლამდიდებლობიდან განდგმომილთათვის;
ლოთობის მიდრეკილების მოსახსნელად.

წარწყმედულთა მომპოვნებელი

ტროპარი, ჴმა 4

მოხედენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, განსაცდელთა შინა მყოფთა ამათ და ნუ ცოდვათაებრ ჩვენთა დამსჯი ჩვენ, არამედ კაცთმოყუარებითა და მოწყალებითა შენითა ჯოჯოხეთისაგან და ყოველთა ჭირთა და სნეულებათაგან განმათავისუფლენ და მაცხოვნენ ჩვენ.

ლოცვა 1

ჵ, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო ქალწულო, დედუფალო ღმრთისმშობელო, ცოდვილთა ჴელის-აღმპყრობელო და წარწყმედულთა ყოველთა მომპოვნებელო მოწყალითა თუალითა შენითა გარდამოიხილე ჩვენ ზედა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და მოწყალედ გევედრებით შენ. აღგვადგინენ სიღრმეთაგან ცოდვათა და განანათლენ ვნებათაგან დაბნელებულნი გონებანი ჩვენნი და განჰკურნენ წყლულებანი სულთა და ჴორცთა ჩვენთანი. არა არს ჩვენდა მწე, არა არს ჩვენდა სასო, თჳნიერ შენსა, დედუფალო, რომელმან იტვირთენ ყოველნი უძლურებანი და ცოდვანი ჩვენნი, ამისთჳსცა მოვილტვით შენდა და გიგალობთ შენ: ნუ დაგვიტევებ ჟამსაცა ამას, არამედ ჩვენ თანა ეგე მარადის და სიმრავლითა გამოუთქმელისა მოწყალებისა შენისათა მიჴსნენ და შემიწყალენ განსაცდელსა შინა მყოფნი ესე. განგვაძლიერენ ჩვენ, რათა განვერნეთ ცოდვილსა ცხოვრებასა ამას და განმათავისუფლენ ყოველთა მწუხარებათაგან, განსაცდელთა და სნეულებათა. გვიჴსნენ ჩვენ მოულოდნელისა სიკუდილისა, ჯოჯოხეთისა და სამარადისოჲსა ტანჯვისაგან, ჵ, დედუფალო ჩვენო, მტკიცეო ნავთსაყუდელო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო და ცოდვათა შინა ღელვა-გვემულთაო, მომმადლენ ჩვენ, ვითარცა სახიერმან და ყოვლადუხრწნელმან ქალწულმან, ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, მშვიდობითნი და ურცხუენელნი და შენითა შუამდგომლობითა ღირს მყვნენ, რათა დავემკვიდრნეთ სავანესა მას შინა ზეცათაჲსა, სადა მედღესასწაულეთა ჴმაჲ დაუცხრომელად ადიდებს ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

მეოხო მხურვალეო, დედაო გულმოწყალისა უფლისაო, შენდა მოვილტვით ჩვენ, უბადრუკნი ესე და ყოველთა კაცთა უმეტესად მცოდველნი. შეისმინე ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა და მოთქმა ჩემი და სულთქმაჲ ისმინე. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი აღემატა თავსა ჩემსა და მე, ვითარცა ნავი მორევსა, დანთქმულ ვარ ცოდვათა ჩემთა შინა. არამედ შენ, ყოვლადსახიერო და გულმოწყალეო დედუფალო, ნუ უგულებელსმყოფ მე უსასოსა ამას და ცოდვათა შინა მომკუდარსა: შემიწყალე მე სინანულისა მიერ ჩემისა ბოროტთა საქმეთა ჩემთათჳს და სიმართლისა გზასა ზედა მოაქციე შეცდომილი და უბადრუკი სული ჩემი. დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, შენ ზედა დავსდებ ყოველსა სასოებასა ჩემსა. ღმრთისა დედაო, შენ დამიცევ და დამიმარხე მე საფარველითა შენითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

გადმოცემის მიხედვით ხატი „წარწყმედულთა მომპოვნებელი“ IV ს-ში მცირე აზიის ქალაქ ადანში განდიდდა, მან სულიერი დაღუპვისაგან იხსნა ბერი თეოფილე, რომელმაც მის წინაშე შეინანა თავისი ცოდვები და შემდეგ დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია და წმიდათა დასში შეირაცხა. ამ ხატის წინაშე ლოცვისას, საშინელი სიღატაკისგან გათავისუფლდა ქვრივი ქალი და მისი შვილების ცხოვრებაც კეთილად წარიმართა.


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო