იულიუსის კალენდრით:
4 ივლ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
17 ივლ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ანდრია კრიტელის ხსენებას!



სარჩევი

ლოცვები ზიარების წინ

ზიარების წინა ლოცვები იკითხება ზიარებამდე, წინა საღამოს, ან დილით ადრე. თუ ლოცვათა სიდიდის გამო წაკითხვა გიჭირთ, შეგიძლიათ გაყოთ ორად ან სამად, მოძღვართან შეთანხმებით.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო... წმიდაო ღმერთო... (3-გზის). დიდება... აწ და... ამინ!
ყოვლადწმიდაო სამებაო... უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდება... აწ და... მამაო ჩვენო...
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 50

3. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი.
4. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
7. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან.
8. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
12. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
14. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
15. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
21. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ჴმა, ბ. გალობა, ა. ძლისპირი

მოვედით ერნო. უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თჳსი იხსნა ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

პური ცხოვრებისა საუკუნოსა მექმენინ ჴორცი წმიდა შენი, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, და სენთა მრავალფერთა განსაკურნებელად, ვითარცა მოწყალე ხარ:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სისხლსა მას შენსა, მეუფეო, ყოვლადპატიოსანსა და ჴორცსა შენსა ყოვლადწმიდასა ღირს-მყავ მე არა ღირსი მოღებად ჭამად და სმად სურვილით და სარწმუნოებით, ვითარცა მოწყალე ხარ.
დიდება...

შევიგინე მე საქმითა ბოროტითა საწყალობელი, და უხრწნელისა ჴორცისა და საღმრთოსა სისხლისა შენისა, უღირსი ესე კვალად ზიარებასა ღირს-მყავ, ვითარცა მოწყალე ხარ:
აწ და...

ჵ, ქუეყანაო, კეთილო, კურთხეულო სძალო ღმრთისაო, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავწარსხმული, ცხოვრებად სოფლისა ღირს-მყავ მე ჭამად ამისაგან, რათა ვსცხოვნდე და გადიდებდე:

გალობა, გ. ძლისპირი

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ჴმა-ვჰყო შენდა მომართ, მხოლოო რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღმრთისა ჩვენისა.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამეთუ წმიდითა სვინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმნენინ მე უხრწნელი ჴორცი შენი, და საღმრთო სისხლი __ სულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთ-მოყვარეო, და ვნებათა და ჭირთაგან გამომხსნელ და მაცხოვარ.
დიდება...

ღირს-მყვენ ჩვენ უფალო ჴორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ჴორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.
აწ და...

პურისა ცხოვრებისა ტრაპეზო, ყოვლადწმიდაო, მოწყალებათათჳს ზეცით გარდამოსრულისა და ახლისა ცხოვრებისა სოფლისა მომნიჭებელად ღირს-მყავ მეცა აწ უღირსი შიშით ამისსა გემოს ხილვად, რათა ვცხონდე.

გალობა, დ. ძლისპირი

მოხვედ, ჩვენდა ქალწულისაგან, არა ანგელოსი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩვენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ, დიდებასა ძალსა შენსა.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ინებე რა ჩვენთჳს ჴორცთ-შესჴმაჲ, მრავალმოწყალეო უფალო, შეიწირე ვითარცა ცხოვარი ცოდვათათჳს კაცთასა, ამისთჳს ხოლო გევედრები, შენ, ჩემთაცა განქარვებად შეცოდებათა.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

განკურნენ სულისა ჩემისა წყლულებანი უფალო და სრულიად განმწმიდე და ღირს-მყავ, მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა საღმრთოსა სერობასა უბადრუკი.
დიდება...

ვსდგეთ ყოველნი უკუე შიშით და ძრწოლით და მოწიწებით. თვალნი სულისანი ზე გვაქვდნენ, და მაცხოვრისა მიმართ ვხმობდეთ, დაგვამტკიცენ და გულისჴმიერ გვყვენ ჩვენ, ღმერთო მოწყალეო, შიშსა შენსა.
აწ და...

მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა სახიერო ძე შენი, დედუფალო, და დამიცევ მე, შეუგინებელად, და უბიწოდ მონა შენი, და უვნებელად, რათა შევიწყნარო გონიერი მარგარიტი და წმიდა ვიქმნე.

გალობა, ე. ძლისპირი

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩვენ, რამეთუ ჩვენ შენსა გარეშე, სახიერ, სხვა ღმერთი არა ვიცით.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ჴორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სიტყვაო ღმრთისაო და ღმერთო, ნაკვერცხალ მექმენინ მე წმიდა ჴორცი შენი განმანათლებელ ჩემ დაბნელებულისა ამის, და განმწმედელ მწიკვლევანებასა, სულისა ჩემისასა სისხლი შენი.
დიდება...

შემწიკვლებული სული და ბაგენი მქონან არა წმიდანი. და აწ ვერ ძალმიძს მიახლებად შენდა ქრისტე, და მოღებად ჴორცსა შენსა, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად.
აწ და...

მარიამ, დედაო ღმრთისაო, სუნნელებისა შვენიერო სამკვიდრებელო, ლოცვითა შენითა ჭურად რჩეულად გამომაჩინე, რათა ზიარ ვიქმნე სიწმიდეთა საღმრთოთა ძისა შენისათა.

გალობა ვ, ძლისპირი.

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო, გევედრები.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

გონება, სული და გული წმიდა ჰყვენ მაცხოვარ, და ჴორცნიცა ჩემნი, და ღირს-მყავ მეუფეო, დაუსჯელად მიახლებად, საშინელთა საიდუმლოთა შენთა.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა უცხო ვიქმნე ვნებათაგან, შენითა მადლითა, და ღირსვიქმნე ქონებად, მოგებად გონებისა სიმტკიცესა, ზიარებისათჳს წმიდათა შენთა საიდუმლოთა.
დიდება...

შიშით და ძრწოლით მივეახლნეთ ყოველნი საღმრთოთა საიდუმლოთა მეუფისათა, და წმიდა ჴორცი მისი მოვიღოთ. წმიდა და ყოვლად პატიოსანი სისხლი მისი.
აწ და...

ღმერთო და სიტყვაო ღმრთისაო, წმიდაო წმიდა-მყავ მე სრულიად აწ მომავალი საღმრთოთა მიმართ შენთა საიდუმლოთა, წმიდისა დედისა შენისა ვედრებითა:

კონდაკი, ჴმა, ბ. ზენათა ძიებითა

საღმრთოსა ჴორცისა და სისხლისა, მოღება ქრისტე, განსაწმედელ მექმენინ ნუ დასასჯელ ამით ზიარება, და ნუ თანა-მდებ, არამედ განსაწმედელ შეგინებისა სულისა და ჴორცთასა, და ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოსა და უკვდავებისა.

გალობა, ზ. ძლისპირი

ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელი იმსახურა, ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყვეს მძლავრისა მის, და შეითხივნეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო:
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წყარო სახიერებისა, არს ზიარება ქრისტე, უკვდავთა შენთა საიდუმლოთა, აწ უკვე მექმენინ მე წყარო სახიერებისა, ნათელ უვნებელობისა, და სათნოებისა მიმართ უწმიდესობა, და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭება, მხოლოო სახიერო, რათა გადიდებდე.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა განვერნეთ ვნებათაგან მტერისათა, იწროებათა და ყოველთაგან სალმობათა შიშით, სიყვარულით და სურვილით კაცთმოყვარე, მოვილტვი აწ, შენისა მიმართ უკვდავისა და საღმრთოსა საიდუმლოსა და გიგალობ შენ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
დიდება...

სულო ჩემო უბადრუკო, სულო ვნებულო, შეძრწუნდი მხედველი საიდუმლოსა დიდებულსა. სულთქმით ცრემლეოდე მკერდსა ცემით, ხმობდი და იტყოდი ღმერთო განმწმიდე მე ვითარცა მეძავი ცოდვათა ჩემთაგან ღმერთო მამათა ჩვენთაო:
აწ და...

მაცხოვარი ქრისტე შევ ზესთა ცნობისა ღმრთივ-მიმადლებულო, გევედრები შენ წმიდასა, ლმობიერად მონა შენი არაწმიდა, მნებებელი აწ, ყოვლადწმიდათა მიმართ საიდუმლოთა მიახლებად, განმწმიდე მე, ყოვლისაგან შეგინებისა, ჴორცთა და სულისა.

გალობა, ჱ. ძლისპირი

სახმილად გარდამოსულსა, ყრმათა ებრაელ-თათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წმიდისა ზეციერისა, და შესაძრწუნებელისა საიდუმლოსა, და საღმრთოსა სერობისა, საიდუმლოდ ზიარებასა, ღირს-მყავ. აწ სასოწარკვეთილი ესე, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოწყალებისა შენისა მომართ მოვილტვი სახიერ, და ვხმობ შიშით, ჩემთანა ეგე მაცხოვარ, და მე შენთანა ვითარცა სთქუ, რათა ესერა მინდობითა წყალობათა შენთათა ვსჭამ ჴორცსა, და ვსვამ სისხლსა შენსა.
დიდება...

ვსძრწი შეწყნარებად ცეცხლისა, ნუ უკვე შემწვას, ვითარცა ცვილი, და ვითარცა თივა, ჵ, საშინელი საიდუმლო, ჵ, მოწყალება ღმრთისა თუ ვითარ, საღმრთოსა ჴორცსა და სისხლსა მე თიხა, ესე ვეზიარო და უკვდავ ვიქმნე.
აწ და...

საღმრთო პური ცხოვრებისა წიაღსა შენსა ღმრთისა დედაო, ჭეშმარიტად შეიცხო, და დაიცვა უვნებელად უბიწოო. ამისთჳსცა, ვითარცა მზრდელსა ჩვენსა გიგალობთ შენ ყოველნი, უკუნისამდე.

გალობა, თ. ძლისპირი

დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩვენდა განჴორციელდა. განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ:
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

განიცადეთ და იხილეთ, ქრისტე არს უფალი, რათა ჩვენთჳს მსგავს ჩვენდა, ქმნილი მოვიდა, და კვალად მომავალ არს. და ერთ გზის თავი თჳსი შესწირა, ვითარცა მსხვერპლი თჳსისა მამისა, და მარადის დაიკლვის განწმედად მიმღებელთა მისთა:
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სული ჩემი ჴორცთა თანა განსწმიდე მეუფეო, და განანათლე შენ საღმრთოდ, რათა იქმნას სახლ შენდა, და ზიარ იქმნას საიდუმლოთა შენთა, სიწმიდით ერთ არსად მამისა თანა, და სულისა შენისა თანა მცნობელი კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო:
დიდება...

ვითარცა ცეცხლი მექმენინ მე, და ვითარცა ნათელი ჴორცი შენი, და სისხლი შენი პატიოსანი მაცხოვარო ჩემო, შემწველ ცოდვათა ნივთსა და დამწველ ეკალსა ვნებათასა, და ყოვლითურთ განმანათლე მე, თაყვანისმცემელი შენისა ღმრთაებისა.
აწ და...

ღმერთი განჴორციელდა წმიდათა სისხლთა შენთაგან, რომლისათჳსცა ყოველი ნათესავი გიგალობს შენ დედუფალო, და სიმრავლე გონიერთა გადიდებს, ვითარცა შენ მიერ ბრწყინვალედ მხილველნი, ყოველთა მეუფისა ბუნებით კაცთათა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო... (3-გზის). დიდება... აწ და...
ყოვლადწმიდაო სამებაო... უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება... აწ და... მამაო ჩვენო...
ტროპარი დღისა ანუ დღესასწაულისა.
ხოლო უკეთუ არს ალილუიაჲ (დიდი მარხვა), ტროპარის ნაცვლად ვამბობთ რაც [ ] ფრჩხილებშია:

[მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყჳს-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება...

უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიჴსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა, და შემიწყალენ ჩვენ.
აწ და...

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა.]

უფალო შეგვიწყალენ (40-გზის)

და ლოცვა ესე სერობისა.

უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღმრთისა სძალო დედუფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩვენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ჴელის-აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო.

ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყჳთ და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთმოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღმრთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩვენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თჳსისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი.

მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან.

ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიჴსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღმრთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედუფალო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-გზის)

ფსალმუნი 22

1. უფალმან მმწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს.
2. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.
4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგინ, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთჴმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.
5. განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა განგრძობასა დღეთასა.

ფსალმუნი 23

1. უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.
2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.
3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4. უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თჳსსა.
5. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ.
8. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისაჲ? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლასა შინა.
9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ.
10. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისაჲ? უფალი ძალთაჲ თავადი არს მეუფჱ დიდებისაჲ.

ფსალმუნი 115

1. მრწმენა მე, რომელისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.
2. და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.
3. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?
4. სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
5. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
6. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ.
7. ჵ უფალო, მე მონაჲ შენი, მე მონაჲ შენი და ძე მჴევლისა შენისაჲ; განხეთქენ საკრველნი ჩემნი,
8. შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაჲ და სახელსა უფლისასა ვხადო.
9. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა
10. ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა; იერუსალემ!

დიდება... აწ და... ალილულია (3-გზის). მეტანია (3-გზის)

ტროპარი. ჴმა 3

უსჯულოებანი ჩემნი უგულებელსყვენ უფალო, ქალწულისაგან შობილო, და გული ჩემი განსწმიდე, და ტაძარ მყავ მე უხრწნელისა ჴორცისა და სისხლისა შენისა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, მხოლოო რომელსა გაქვს დიდი წყალობა.
დიდება...

ზიარებად სიწმიდეთა შენთა ვითარ ვიკადრო არა ღირსმან, ხოლო უკეთუ ვიკადრო შენდა წარმოდგომად ღირსთა თანა, სამოსელი ჩემი მამხილებს, რათა არა არს სერობისა, დასჯილება და მხილება, და შეგინება მრავალმცოდველისა სულისა ჩემისა განსწმიდე უფალო, და მაცხოვნე მე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ:
აწ და...

აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი წმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტი ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა ევედრე ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო:

დიდ ხუთშაბათს ვამბობთ რაც [ ] ფრჩხილებშია.
ტროპარი: ჴმა 7

[რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარეობისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ მართალსა მსაჯულსა მიგცემდა. იხილეთ, ჵ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთჳს შიშთვილიბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თჳსსა ზედა ესე ვითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ კაცთმოყვარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

უფალო შეგვიწყალენ (40-გზის) და მეტანია რაოდენიცა გენებოს.]

ოდეს გენებოს ჴორცი სამეუფო მიღებად ჵ, კაცო: შიშით მიეახლე, რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს: და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთო, და შერთუა მისთანა: დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად, საიდუმლოსა მის.

ლოცვა წმ. დიდისა ბასილისა

მეუფეო, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედისა, დაუსაბამოსა მამისა თანა სამარადისოო, ძეო და თანა დაუსაბამოო, რომელმან მრავლისა სახიერებისათჳს, უკანასკნელთა დღეთა, ჴორცნი შეიმოსენ, და ჯვარს ეცვი და დაიკალ, ჩვენ უმადლოთა და ძვირისმოქმედთათჳს, და თჳსითა სისხლითა განაახლე განხრწნილი ცოდვითა ბუნება ჩვენი. თჳთ უკვდაო მეუფეო, შეიწირე ჩემ ცოდვილისა სინანული, და მოჰყავ ყური შენი ჩემდა და ისმინე სიტყვათა ჩემთა, რამეთუ ვსცოდე, უფალო, ვსცოდე ცად მიმართ, და არა ვარ ღირს აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა, რამეთუ განვარისხე სახიერება შენი, და მცნებათა შენთა გარდავხედ, არცა ვისმინე ბრძანებათა შენთა, არამედ შენ, უფალო, რომელი ძვირ-უჴსენებელ ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე, არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა, მარადის მომლოდნემან ჩემისა მოქცევისამან, რამეთუ შენ სთქუ, კაცთმოყვარეო, წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, ვითარმედ: „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი“. რამეთუ არა გნებავს, მეუფეო, ჴელთა შენთა დაბადებულისა წარწყმედა, და არცა გთნავს წარწყმედა კაცთა, არამედ, გნებავს ყოველთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ამისთჳსცა დაღაცათუ არა ღირს-ვარ ცასა და ქვეყანასა, და ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა, ყოვლითურთ თავი ჩემი დავამორჩილე ცოდვასა და გემოთა დავემონე, და ხატი შენი უჴმარვჰყავ, არამედ ვინათგან ქმნული და დაბადებული შენი ვარ, არა უმეცარ ვარ თჳსსა ცხოვრებასა საწყალობელი, არამედ აურაცხელისა მოწყალებისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ; შემიწყნარე უკვე მეცა, კაცთმოყვარეო უფალო, ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა მეზვერე, და ვითარცა უძღები, და აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უძლურებანი კაცთა განჰკურნენ, და მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შენდა მოუწოდე განსვენებად; რომელი არა მოხვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა, და მასწავე მე სრულყოფად სიწმიდითა შიშსა შინა შენსა, რათა წმიდითა მოწამებითა სინდისისა ჩემისათა, სიწმიდეთა შენთა ნაწილსა შემწყნარებელი, შევერთო წმიდასა ჴორცსა შენსა და სისხლსა, და მაქვნდე შენ დამკვიდრებულად, და ეგო ჩემ-შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ. ჰე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, რათა არა სასჯელ მეყოს მე ზიარება ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუცა უძლურ ვიქმნე სულით და ჴორცით, რომელთაცა უღირსად ვეზიარები, არამედ მომეც მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვად ჩემდამდე, დაუსჯელად მოღებად ნაწილი სიწმიდეთა შენთა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზალ ცხოვრებისა საუკუნოსა, და კეთილ-მითვალულ სიტყჳს-საგებელ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა შენსა, რათა მეცა ყოველთა რჩეულთა შენთა თანა, ზიარ ვიქმნე უხრწნელთა კეთილთა შენთა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, უფალო, რომელი მათთანა დიდებულ ხარ უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა წმ. მამისა იოანე ოქროპირისა. 2

უფალო ღმერთო ჩემო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, არცა კმა, რათა სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ამისთჳსცა, რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ არს, და არა გაქვს ჩემს შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო, არამედ, ვითარცა მაღლით დაიმდაბლე თავი თჳსი ჩვენთჳს, აწცა მიითვალე სიმდაბლე ჩემი, და ვითარცა თავს-იდევ ქვაბსა შინა შობა, და ბაგასა უსიტყვთასა მიწვენა, ეგრეთვე ღირს-იჩინე ბაგასა უსიტყჳსა სულისა ჩემისასა, და შეგინებულთა ჴორცთა ჩემთა შემოსლვად, და ვითარცა არა უღირს-იჩინე შესვლად და სერობად ცოდვილთა თანა სახლსა სვიმონ კეთროვნისასა, ეგრეთვე სათნო-იყავ შემოსლვად სახლსა მდაბლისა სულისა ჩემისასა კეთროვანსა და ცოდვილსა, და ვითარცა არა განაგდე მსგავსად ჩემსა მეძავი, და ცოდვილი მოსრული და შემხებელი შენდა, ეგრეთვე შემიწყნარე მეცა ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენი და ვითარცა არა მოიძაგე მწიკვლევანი იგი პირი მისი, და არა-წმიდა ამბორისმყოფელი შენი. ნუცა ჩემსა მოიძაგებ უმწიკვლევანესსა მისსა პირსა, და უარაწმიდესსა, ნუცა საძაგელთა და უარაწმიდესთა ბაგეთა, და შეგინებულსა და არაწმიდასა ენასა ჩემსა, არამედ მეყავნ მე ნაკვერცხალი ყოვლადწმიდისა ჴორცისა, და უხრწნელისა სისხლისა შენისა, განმწმედელ და განმანათლებელ, და სიმრთელე მდაბლისა სულისა და ჴორცთა და აღმასუბუქებელ სიმძიმისა მრავალთა ცოდვათა ჩემთასა, და საცოდ ყოვლისა საეშმაკოსა მოქმედებისა, საძლეველ და შესაბრკოლებელ ძვირთა და ბოროტთა ჩვეულებათა ჩემთა, მომაკვდინებელ ვნებათა, დაცვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოსა მადლისა შენისა და თჳსებად სუფევისა შენისა, არა ვითარცა შეურაცხ-მყოფელი მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო, არამედ, ვითარცა კადნიერი გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა, რათა არა მრავალ-ჟამ განშორებული ზიარებისა შენისა, სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა; ამისთჳს გევედრები შენ, რამეთუ მხოლოო ოდენ წმიდა ხარ, მეუფეო, განსწმიდე სული ჩემი და ჴორცნი, გონება და გული, თირკმელნი, და ნაწლევნი, და ყოვლითურთ განმაახლე მე, და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა, და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მექმენ შემწე და ჴელის-აღმპრობელ, წარმართე მშვიდობასა შინა ცხოვრება ჩემი, და ღირს-მყავ მე მარჯვენით დგომად წმიდათა შენთა თანა, ოხითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, უსხეულოთა მსახურთა და უხრწნელთა ძალთა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, ამინ!

ლოცვა წმ. სიმეონ მეტაფრასისა, 3

მხოლოო წმიდაო და უხრწნელო უფალო, რომელმან გამოუთქმელითა წყალობითა კაცთმოყვარეობისათა, ყოვლითურთ მიიღე თბე ჩვენი წმიდათა ქალწულებრივთა სისხლთაგან, და იშევ შენ ზესთა ბუნებისა მოსლვითა საღმრთოსა სულისათა და სათნოყოფითა სამარადისოსა მამისათა, ქრისტე იესუ, სიბრძნეო ღმრთისაო, მშვიდობაო და ძალო, რომელმან სიმდაბლითა შენითა ცხოველსმყოფელი და საცხოვნებელი ვნება შეიწყნარე, ჯვარი, სამსჭვალნი, ლახვარი და სიკვდილი, მოაკვდინენ სულისაცა ჩემისა განმხრწნელნი ჴორცთა ვნებანი; რომელმან დაფლვითა შენითა ჯოჯოხეთისა მეუფება წარმოსტყვენე. დაჰფლენ კეთილისა გულის-სიტყჳსა მიერ ჩემნიცა ბოროტნი გულის-ზრახვანი, და ბოროტნი სულნი განაქარვენ, რომელმან მესამისა დღისა ცხოვრება-შემოსილითა აღდგომითა შენითა პირველი მამა აღადგინე დაცემული, აღმადგინე მეცა ცოდვისა მიერ შებრკოლებული, სინანულისა სახისა დადებითა, რომელმან დიდებულითა ამაღლებითა შენითა განღმრთობილი ჴორცი, რომელ მიიღე, ამას მარჯვენით მამისა ჯდომითა პატივ-ეც, ღირსმყავ მეცა ზიარებითა წმიდისა შენისა საიდუმლოსათა, მარჯვენით ნაწილსა ცხონებულთასა მიმთხვევად; რომელმან მოსვლითა ნუგეშინისმცემელისა სულისა შენისათა, ჭურჭელ-პატიოსან ჰყვენ სამღვდელონი მოწაფენი შენნი, მეცა მადლისა მათისა შემწყნარებელად და ზიარებად გამომაჩინე; რომელსა გეგულვების კვალად მოსვლა განკითხვად სოფლისა სიმართლით, სათნო-მიყავ მეცა, რათა მიგეგებო ღრუბლითა მსაჯულსა და შემოქმედსა ჩემსა ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა მოუკლებლად დიდების-გმეტყველებდე და გიგალობდე შენ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მისივე, 4

ვითარცა საშინელისა და პირუთვნელისა სამსჯავროსა შენისა წინაშე მდგომარე ქრისტე ღმერთო დასჯისასა მომღები, და სიტყჳს-გებად ბოროტთა საქმეთა ჩემთათჳს. ეგრეთ დღეს პირველ მოწევნამდე დღისა, მის დასჯისა ჩემისასა, წმიდისა საკურთხეველისა მიმართ მდგომარე ვარ წინაშე შენსა, და წინაშე საშინელთა, და წმიდათა ანგელოსთა, შენთა, დასჯილი თჳსისა სინდისისაგან, მოვიხუამ ბოროტთა, და უსჯულოებისა ჩემისა საქმეთა განვაცხადებ მათ და განვაქიქებ, იხილე უფალო სიმდაბლე ჩემი, და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. იხილე, რამეთუ განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა უსჯულოებანი ჩემნი, რომელი უკუე ბოროტი არა ვქმენ, რომელი ცოდვა არა ვყავ, რომელი ძვირი არა გამოვისახე სულსა შინა ჩემსა ხოლო საქმითაცა ვქმენ სიძვა, მრუშება, ამპარტავნება, ზვაობა, ფიცი, გმობა, უქმისმეტყველება, სიცილი უჯერო, მთვრალობა, ნაყროვანება, უძღებება, სიძულვილი, შური, ვეცხლისმოყვარება, საჴმართმოყვარება, ანგარება, თავისმოყვარება, დიდებისმოყვარება, ტაცება, უსამართლობა, საძაგელის-შეძინება, ხდომა, წყევა, უსჯულოება, ყოველნი საცნობელნი ჩემნი და ყოველნი ასონი შევაგინენ, განვხრწენ, უჴმარვყვენ, და ყოვლითურთ საფარდულ ეშმაკთა ვიქმენ, და უწყი უფალო, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა, არამედ აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა, და წყალობა გამოუთქმელისა ძვირ-უჴსენებელობისა შენისა სახიერება, და არა არს ცოდვა მძლე კაცთმოყვარებისა შენისა. ამისთჳსცა ყოვლადსაკვირველო მეუფეო ძვირ-უჴსენებელო უფალო, საკვირველ-ჰყავ წყალობა შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩვენე ძალი სიტკბოებისა შენისა, და გამომიცხადე სიმტკიცე კეთილ-ნაწლეობისა შენისა, და შემიწყნარე მე ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი და მეძავი, შემიწყნარე მეცა, რომელმან უზომოდ ვსცოდე შენდამი სიტყჳთ და საქმით, და გულისთქმითა უჯეროთა და გულის-სიტყჳთა უსიტყურითა. და ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მოსრულნი შეიწყნარენ, რომელთა ვერარა ღირსი სასყიდლისა იმოქმედეს, ეგრეთ შემიწყნარე მეცა ცოდვილი, რამეთუ ფრიად ვსცოდე, და შევიგინე, და შევაწუხე სული შენი წმიდა, და განვამწარენ კაცთმოყვარენი, ნაწლევნი შენნი, და საქმით, და სიტყჳთ, და გონებით, ღამესა შინა, და დღესა შინა, ცხადად და დაფარულად, ნებსით და უნებლიეთ. და უწყი, რამეთუ წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა, ჩემ წინაშე ეგე ვითართა, რომელნი იქმნეს ჩემ მიერ და მიმხდი სიტყვასა მათთჳს, რომელნიცა მეცნიერებით ვსცოდე შეუნდობელად. არამედ უფალო, უფალო, რათა არა მართლითა მსჯავრითა შენითა, არცა გულისწყრომითა შენითა მამხილო მე. მიწყალე მე უფალო, რამეთუ არათუ მხოლო ოდენ უძლურ ვარ, არამედ დაბადებული შენი ვარ. შენ უკვე უფალო დაამტკიცე ჩემ შორის შიში შენი, ხოლო მე ბოროტი შენ წინაშე ვყავ. შენ მხოლოსა შეგცოდე. არამედ გევედრები, ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა. რათა უკეთუ უსჯულოებათაებრ მომაგებდე უფალო, უფალო ვინმე დაგითმოს, რამეთუ მე ვარ უფსკრული ცოდვათა, და არა ვარ ღირს, არც კმა აღხილვად, და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, რომელთა არა არს რიცხვი. რათა ყოველი ბოროტისმეტყველება, და ჴელოვნება საეშმაკო, და განმხრწნელობა, ხდომა, ჩუკენობა, წულთმხრწნელობა, ძვირის-ჴსენება, წურთა ცოდვისა მიმართ უსიტყვება, და სხვანი რიცხვით ბევრნი ვნებანი, არა მოაკლდეს ჩემგან, რამეთუ რომლითა ცოდვითა არა განვიხრწენ. რომლითა ბოროტითა არა შევიპყარ. ყოველი ცოდვა ვქმენ, ყოველი არაწმიდება დავისახენ სულსა შინა ჩემსა, უჴმარ-ვიქმენ შენ ღმრთისა ჩემისა, და კაცთა. ვინ აღმადგინოს მე ესე ვითართა ბოროტთაგან, ესე ვითარად დაცემული შეცოდებითა. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გესავ, უკეთუ არსღა ჩემდა სასოება ცხოვრებისა. სძლოს კაცთმოყვარებამან შენმან სიმრავლესა უსჯულოებათა ჩემთასა. მეყავნ მე მაცხოვარ, და მოწყალებისაებრ შენისა, და წყალობისა შენისა მილხინე. მომიტევე, შემინდევ მე ყოველი, რაოდენი გცოდე შენ, რამეთუ მრავლითა ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და არა არს ჩემ შორის სასოება ცხოვრებისა. მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, და ნუ მომიძაგებ მე საქმეთაებრ ჩემთა, და ნუ დამსჯი მე მოქმედებათაებრ ჩემთა, არამედ მომაქციე, შემეწიე, და იჴსენ სული ჩემი შემთხვევათაგან მათთა ბოროტთა, და ძვირთა ცთომათაგან. მაცხოვნე მე წყალობისა შენისთჳს, რათა სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი შენი, და გაქებდე, და გადიდებდე შენ ყოვლადვე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და მაცხოვარი შეცოდებულთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლადწმიდით, და სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და...

ლოცვა წმ. მამისა იოანე დამასკელისა, 5

მეუფეო უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელსა მხოლოსა გაქვს ჴელმწიფება კაცთა ცოდვათა მოტევებისა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, უგულებელსჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი მეცნიერებით და უმეცრებითნი, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად საღმრთოთა და დიდებულთა, და უხრწნელთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუ სიმძიმედ, ნუცა სატანჯველად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ სალხინებელად და წმიდამყოფელად და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა, და ზღუდედ და შემწედ, და საძლეველ წინააღმდგომთა და აღსაჴოცელ მრავალთა შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა დიდისა ბასილისა, 6

უწყი, უფალო, რამეთუ უღირსად მოვიღებ უხრწნელსა ჴორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა, და თანამდებ ვარ დასასჯელად თავისა ჩემისა, ვსჭამ და ვსვამ, ვერ განმკითხველი ჴორცისა და სისხლისა შენ ქრისტესა და ღმრთისა ჩემისასა; არამედ წყალობისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ შენდა მეტყველისა: „რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემ შორის ჰგიეს და მე მის შორის“. მოწყალე იქმენ უკვე, უფალო, და ნუ მამხილებ მე ცოდვილსა, არამედ ჰყავ ჩემთანა წყალობისაებრ შენისა, რათა მექმნას მე წმიდა ესე საკურნებელ და განმწმედელ და განმანათლებელ, და მცველად და მაცხოვრად, და წმიდამყოფელად სულისა და ჴორცთა საძლეველ ყოვლისა საოცრებისა და ბოროტისმოქმედებისა, და საქმისა საეშმაკოსა საცნაურად ასოთა შინა ჩემთა მოქმედებულისა, კადნიერებად და სიყვარულად შენდა, წარსამართებელად ცხოვრებისა, და უცთომელად აღმატებად სათნოებისა და სისრულედ და აღსრულებად მცნებათა, სულისა წმიდისა ზიარებად საგზლად ცხოვრებისა საუკუნოსა, სიტყჳს-საგებელ, კეთილმითვალულ საშინელსა საყდარსა შენსა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად.

სხვა ლოცვა საღმრთოთაგან თქმულთა წმიდისა ზიარებისა, სიმეონ ახლისა ღმრთის-მეტყველისა 7

შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არა-წმიდისაგან ენისა, სულისაგან შემწიკულებულისა, შეიწირე ვედრება ჩემი ქრისტე ჩემო, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუცა სიტყვათა, ნუცა სახეთა, ნუცა ურცხვინოებათა. მომეც კადნიერებით სიტყვად, რომელიცა მნებავს ქრისტე ჩემო, უფროსღა მასწავე მე, რა ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყვად. ვსცოდე უფროს მეძვისა, და მაუწყე სადა იყოფვი. მირონისა მსყიდველი მოვიდე კადნიერებით ცხებად ფერჴთა შენთა, ქრისტეს ჩემისა, მეუფისა და ღმრთისა, ვითარცა იგი არა განსდევნე, მოსრული. გულითა ნუცა მე მომიძაგებ სიტყვაო. ფერჴნი შენნი მომცენ დაპყრობად, და ამბორის-ყოფად მდინარითა ცრემლითა. ვითარცა მრავალ სასყიდლითა მირონითა, ესე კადნიერებით გცხო. განმბანე მე ცრემლითა ჩემითა. განმწმიდე მე ამით სიტყვაო. მომიტევენ, შეცოდებანი ჩემნი და მომმადლე მე შენდობა. უწყი ბოროტთა სიმრავლე, და უწყნი წყლულებანი ჩემნი. და სენთა ჩემთა ჰხედავ, არამედ სარწმუნოებით უწყი. და მნებებელობასა ჰხედავ, და სულთქმათა ისმენ. არა დაგეფარვის შენ ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მხსნელო ჩემო, არცა ცვარნი ცრემლთანი, არცა ცვარნი ნაწილთა რომელთამე. რომელნი არა მექმნნეს მე, იხილეს თვალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნეს. იხილე სიმდაბლე ჩემი, იხილე შრომა ჩემი რაოდენ, და ცოდვანი ყოველნი, მომიტევე მე ღმერთო ყოველივე, რათა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა, და სულითა შემუსრვილითა, უხრწნელთა და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა ვეზიარო. რომლითა განღმრთდების, და განცხოველდების ყოველი მჭამელი, და მსმელი გულითა წმიდითა, რამეთუ შენ სთქუ მეუფეო ჩემო, ყოველი მჭამელი ჴორცისა ჩემისა, და მსმელი სისხლისა ჩემისა, ჩემთანა ჰგიეს, და მე მის თანა. ჭეშმარიტად-არს ყოვლადვე სიტყვა მეუფისა, და ღმრთისა ჩემისა. ხოლო საღმრთოთა და ღმრთით-მყოფელთა, მადლთა მიმთხვეული, არა თავით თჳსით ვარ, არამედ შენ მიერ ქრისტე ჩემო. ნათლითა სამ-ბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო. რათა არა მხოლოდ ვიყო, თჳნიერ შენსა ცხოვრების-მომცემელისა. სულ-თქმისა ჩემისა, ცხოვრებისა ჩემისა, სოფლის-მაცხოვრისა, ამისთჳს შენდა მოსრულ ვარ, ვითარცა ჰხედავ ცრემლითა, და სულითა შემუსრვილითა. დახსნასა შეცოდებათასა ვითხოვ, მოღებად ჩემდა. და შენთა ცხოვრების-მომცემელთა, და უბიწოთა საიდუმლოთა. დაუსჯელად ზიარებად, რათა დაადგრე ვითარცა სთქვი ჩემთანა სამგზის საწყალობელისა, რათა არა თჳნიერ მადლისა შენისა, მპოვოს მე მზაკვარმან მან, და წარმიტაცოს მე ზაკვით, მაცთუნოს, და განმაშოროს ღმრთივქმნულთა სიტყვათა შენთა. ამისთჳს შეგივრდები, და მხურვალედ გიხმობ შენ: ვითარცა უძღები შეიწყნარე, და მეძავი მოსრული შენდა, ეგრეთ შემიწყნარე მეცა მეძავი, და უძღები მოწყალეო, სულითა შემუსრვილითა აწ მომავალი შენდა. უწყი მაცხოვარო, რამეთუ სხვამან არავინ შეგცოდა, ვითარცა მე. არცა ჰქმნა საქმე, რომელ მე ვჰქმენ, არამედ ესე უწყი, ვითარმედ არა სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღმრთისა ჩემისა, მრავალსა სულგრძელებასა, და კაცთმოყვარებასა. არამედ წყალობითა, და თანალმობითა მხურვალედ შემნანებელთა, განსწმედ, და განანათლებ, და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა, ზიარად ღმრთაებისა შენისა იქმ მათ უხრწნელად, და უცხოდ ანგელოსთა, და კაცთა ცნობისა. თანა-ექცევი მათ მრავალ-გზის, ვითარცა მოყვასთა შენთა საკუთართა. ესენი კადნიერ-მყოფენ მე, ესენი შემიწყნარებენ ქრისტე ჩემო. და ვესავ სიმდიდრესა ქველისმოქმედებისა შენისასა ჩემდა მიმართ, მოხარული და შეძრწუნებული, ერთბამად, ცეცხლსა ვეზიარები, თივა ესე. და უცხო საკვირველი, შევიცვრები შეუწველად, ვითარ უკვე მაყვალი ძველად შეუწველად მგზებარე. აწ მადლობისა ცნობით, მადლობისა გულით, მადლობისა ასოთ, და ჴორცით ჩემით, თაყვანისგცემ და გადიდებ, და დიდებისგმეტყველებ, ღმერთო ჩემო, რამეთუ კურთხეულ ხარ აწ და უკუნისამდე, ამინ!

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა 8

ღმერთო მილხინე, მომიტევე, შემინდვენ მე შეცოდებანი ჩემნი. რაოდენიცა გცოდე შენ, საქმით, ანუ სიტყჳთ, ანუ გონებით, ნებსით, ანუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, ყოველივე შემინდევ, ვითარცა სახიერმან, და კაცთმოყვარემან. მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა შენისათა, გონიერთა შენთა მსახურთა, და წმიდათა ძალთათა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, დაუსჯელად სათნო-მიყავ მე შეწყნარებად, წმიდასა, და უხრწნელსა ჴორცსა შენსა, და პატიოსანსა სისხლსა შენსა, საკურნებელად სულისა და ჴორცთა, და აღსაჴოცელად ბოროტთა გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მისივე 9

არა ვარ კმა, მეუფეო უფალო, რათა შემოხვიდე სართულსა ქვეშე სულისა ჩემისათა, არამედ უფროსღა ინებე შენ ვითარცა კაცთმოყვარემან დამკვიდრებად ჩემ შორის. კადნიერებით მოვალ, ჰბრძანე, რათა განმეღოს კარი, რომელი მხოლო დამბადებელი ხარ, და შემოხვიდე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ. შემოვედ უკვე, და განანათლე დაბნელებული გონება ჩემი. მრწამს, ვითარმედ ესე ჰყო, რამეთუ მეძავი, ცრემლით მოსრული, არა განჰსდევნე, არცა ავაზაკი განარე, რომელმან იცნა მეუფება შენი. არცა რომელი მდევარ იყო დაუტევე, შეინანა რა. არამედ სინანულით მოსრულნი შენდა ყოველნი, გუნდსა მოყვარეთა შენთასა დააწესენ, რომელი მხოლო კურთხეულ ხარ ყოვლადვე აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ!

მისივე 10

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, მილხინე, მომიტევე, შემიწყალე და შემინდევ მე ცოდვილსა, და უჴმარსა, და უღირსსა მონასა შენსა შეცოდებანი, და ცოდვანი ჩემნი, და ცოდვით დაცემანი. რაოდენიცა სიყრმით ჩემითგან, დღეინდელად დღედ, და ჟამამდე გცოდე უკეთუ ცნობით, ანუ უმეცრებით, უკეთუ სიტყჳთ, და საქმით, ანუ გულის-თქმით, და გონებით, და დაწყებით, და ყოვლით საცნობელით ჩემით. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, ყოვლად უხრწნელისა, და მარადის ქალწულისა მარიამ დედისა შენისათა, მხოლოჲსა ურცხვენელისა სასოებისა, და შუა-მდგომელისა, და მაცხოვრისა ჩვენისათა, ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად ყოვლად-წმიდათა, უკვდავთა, ცხოველსმყოფელთა და საშინელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, განსაწმედელად, სიმტკიცედ, საკურნებელად, და სიმრთელედ სულისა ხოლო და ჴორცთა, და აღსაჴოცელად, და სრულიად, უჩინო-მყოფელად ბოროტთა გულისსიტყვათა, და გულის-თქმათა ჩემთა, პირველითგანვე მოღებულთა, და ღამის საოცრებათა, ბნელთა და ბოროტთა სულთა. რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, თანა მამით და სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

სხვა ლოცვა იოანე დამასკელისა 11

წინაშე კარსა ტაძრისა შენისასა წარდგომად ვარ, და ბოროტთა გულის-სიტყვათაგან არა განვეშორები. არამედ შენ, ქრისტე ღმერთო, მეზვერე განამართლე, ქანანელი შეიწყალე, და ავაზაკსა სამოთხისა ბჭენი განუხვენ, განმიხვენ მეცა ნაწლევნი კაცთ-მოყვარებისა შენისანი. შემიწყნარე მეცა მოსრული, და შემხებელი შენი, ვითარცა მეძავი, და სისხლ-მდინარე. რამეთუ ერთი იგი, რომელი ფესვსა სამოსლისა შენისა შეეხო, სენთა კურნება მიიღო, ხოლო რომელმან უხრწნელი ფერჴი შენი შეიპყრა, განხსნა ცოდვისა წარიღო. ხოლო მე უბადრუკი ყოვლითურთ მრთელსა ჴორცსა შენსა ვიკადრებ შეწყნარებად, რათა არა დავიწვა. არამედ შემიწყნარე მე, ვითარცა იგინი, და განანათლენ სულისა ჩემისა საცნობელნი. დასწვენ ჩემნი ცოდვისა მიმართ მიდრეკილებანი. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, და ზეცისა ძალთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სხვა ლოცვა თქმული წმ. დიდისა ბასილისა 12

გმადლობ შენ, უფალო, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშისცემისაო. გიგალობ შენ იესუ ქრისტე ძეო და სიტყვა ღმრთისაო, რომელი განკაცენ ხსნისათჳს ნათესავისა კაცთასა. გადიდებ შენ მეუფეო ცათაო, სულო წმიდაო ცხოველს-მყოფელო, განმწმედელო სულთა და ჴორცთა ჩვენთაო, ღმერთო ყოვლისამპყრობელო. სამებაო სრულო, მოუკლებელო, მიუწვდომელო, გამოუთქმელო, დაუსაბამოო ღმერთო ჩვენო. რომელმან ღირს-მყავ მე უღირსი ესე წარდგომად წმიდასა საკურთხეველსა შენსა, ჟამსა ამას საშინელსა. წმიდისა ამის და შესაძრწუნებელისა მსხვერპლისა შენისა შეწირვისასა. გევედრები, უფალო კაცთ-მოყვარეო, ღირს-მყავ მე გლახაკი ესე და ყოვლად-უღირსი და ცოდვილი მონა შენი, ღირსებით და სიწმიდით ზიარებად უხრწნელთა მათ და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა. ნუ სატანჯველად და დასასჯელად ჩემდა, ნუცა დასართველად ცოდვათა ჩემთა, არამედ განსაწმედელად სულისა და ჴორცთა. წინდად საუკუნოსა სასუფეველისა შენისა. აღსაჴოცელად ჩემთა ცოდვათა, ზღუდედ ჩემთა, და გარემისაქცეველად ყოველთა წინა-აღმდგომთა უხილავთა მტერთა ჩემთა, მომხედენ მე უფალო მაღლით წმიდით შენით, და აკურთხენ და წმიდაჰყვენ ყოველნი ასონი სულთა და ჴორცთა ჩემთანი, ძალითა შენითა წმიდითა. ვიცი უფალო, ვიცი და არა უარვჰყოფ ვითარმედ ფრიად შეგცოდე და განგარისხე და არა ღირს-ვარ ყოვლადვე ზე აღხილვად ზეცად მიმართ. ანუ თუ მიხედვად წმიდასა დიდებულსა საკურთხეველსა შენსა. მიჴსენ მე, ძეო ღმრთისაო, მიჴსენ და ნუ მრისხავ. უსასყიდლოდ შემიწყალე, და ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა რამეთუ ბოროტ არიან, და ნუ აღრაცხავ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მრავალ და ურიცხვ არიან. და ნუ განიკითხავ გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ არაწმიდა არიან. და ნუ იხილავ განზრახვათა ჩემთა, რამეთუ შესვარულ არიან. მე ამათ ვიტყჳ და აღვიარებ და დავსწერ, შენ შემინდევ, მომიტევენ და აღჴოცენ. მიჴსენ მე უფალო, მიჴსენ მე, რამეთუ ყოვლადვე შეგივრდები. დაღაცათუ მრავალ-არიან შეცოდებანი ჩემნი შენდამი მეუფეო, არამედ უფროს და უმაღლეს წყალობანი შენნი ჩემდა მომართ სახიერო, რამეთუ შენ მარადის მწყალობ, და მე განგარისხებ. შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები. შენ სიწმიდით ცხოვრებასა მიბრძანებ და მე მცნებათა შენთა გარდავალ. შენ მხადი და მე გევლტი. ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრება ჩემი. ჵ, უფალო კაცთ-მოყვარეო რომელმან სისხლი შენი პატიოსანი მიეც სახსრად მონათა შენთათჳს. მიჴსენ მე უსჯულოებათა ჩემთაგან, რომელმან განსწმიდე წიდოვანი იგი განსწმიდე მწიკვლევანებაცა ვნებათა ჩემთა. და ურიცხვთა მათ ცოდვათა ჩემთა სიმრავლე უგულებელსყავ. რომელმან შეიწყალე ქანანელი იგი, შემიწყალე მეცა ძეო ღმრთისაო. რამეთუ არა თუ ასული ჩემი, არამედ სული ჩემი საწყალობელი იგვემების ეშმაკთაგან ბოროტთა. განსწმიდე გული ჩემი გულის-სიტყვათაგან შეგინებულთა და გვამი ჩემი საქმეთაგან ბოროტთა. ყოვლადვე განმწმიდე მე უფალო, რამეთუ სრულიად შეგინებულ ვიქმენ. უფალო, რომელმან ბაბილოვნისა მძაფრი იგი სახმილი დაშრიტე. დაშრიტე მხურვალებაცა ესე გულისა ჩემისა. და მდუღარება უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთა. უწყი რამეთუ კაცი მდაბალი და უძლურ-ვარ, კაცი გლახაკი და უდებ ვარ მე. ჰე, უფალო, ნუმცა წარვსწყმდები ბოროტად, და ურვეულად. უწყი უფალო, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და თიხა თჳთ განწმედად ვერ შემძლებელ არს. ამისთჳს ვითარცა უწყი და ვითარცა გნებავს, განმწმიდე და მაცხოვნე მე, რათა არა იქადოს მტერმან ჩემმან ჩემ ზედა. ნუ, სძლევენ, უფალო, ცოდვანი ჩემნი წყალობასა შენსა, არამედ წყალობით შემიწყალე მე, და პირველ სიკვდილისა მომმადლე ნაკადული და წყარო ცრემლთა. რამეთუ შეგინებულ არიან თვალნი ჩემნი და უნაყოფო არს სული ჩემი. ნუ, მომსწყვედ, მეუფეო უნანელად. უფალო, უფალო შემინდევ, უფალო შემიწყალე, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, უფალო მიჴსენ და განმარინე მე. და ყოველნი მოყვარენი ჩემნი და მტერნი ჩემნი. რამეთუ ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთხარ შეგვინდევ და განგვწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან ძვირის ჴსენებისა. უფალო შენ უწყი ვითარცა გულთმეცნიერმან, რამეთუ არა ვითარცა შეურაცხებით მოუხდები წმიდათა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა, დაღაცათუ უღირს ვარ მოღებად მათდა, არამედ სარწმუნოებითა მხურვალითა შიშით და ძრწოლით ვიკადრებ, რამეთუ უკეთუ სრულიად განვეშორო მათგან სრულიადცა წარვსწყმდე მდაბალი ესე და გლახაკი, და თუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველი შორს უფლისა ჩემისაგან, სრულიად შთამნთქას და წარმწყმიდოს მე. მიჴსენ მე უფალო მწარისა მისგან გველისა, გარე-მიაქციენ ისარნი მისნი, და განსდევნენ ჩემგან ბოროტნი გულისსიტყვანი, მსწრაფლ-განმრყვნელნი და დამაბნელებელნი ლოცვათა ჩემთანი. დამიფარე უფალო, ყოვლისაგან ბოროტისა. დამიცევ მე უფალო, ყოვლისაგან ცთომისა. მიჴსენ მე უფალო, ყოვლისაგან წვალებისა, და ღირს-მყვენ უფალო, მართლ-მადიდებლობისა სიტყჳთა წარდგომად წინაშე შენსა, დღესა მას სიტყჳს-გებისა ჩემისასა. ოდეს იგი მიაგებდე თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. მოიჴსენენ უფალო, ყოველნი მამანი და ძმანი ჩვენნი, სულიერნი და ჴორციელნი, რომელნი ჭირსა შინა და იწროებასა და ტანჯვასა შინა არიან. გევედრები უფალო, განუსვენე პირველ-გარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა სულიერთა და ჴორციელთა, რომელნი ტყვეობასა შინა არიან. უფალო გამოიხსნენ და რომელნი სულთაგან არა-წმიდათა იტანჯებიან განათავისუფლენ, რომელთაგან პირველი მე ვარ. უცხონი უფალო დაიცვენ, შეცოდებულთა უფალო სინანული მოჰმადლე, სნეულნი უფალო განჰკურნენ, და ჩვენ ყოველნი უფალო, შეგვიწყალენ და შეგვინდევ. და მარჯვენით შენსა მდგომარეთა თანა ღირს-მყვენ. მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა და უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა. ძლიერებითა ცხოველს-მყოფელისა პატიოსნისა ჯვარისათა. ვედრებითა წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა. და დიდებულთა ქერუბიმთა და სერაფიმთასა. მეოხებითა წმიდისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, და წინა-მორბედისა შენისა იონესითა და იოანე ქალწულ-მახარებელისითა. მეოხებითა წმიდათა და ყოვლად-ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა, და სხვათა წმიდათა მოციქულთათა, მეოხებითა წმიდისა სტეფანე პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამისათა. და სხვათა მათ წმიდათა მოციქულთა შენთათა. და წმიდათა მთავარ-მოწამეთა გიორგი, თეოდორე, დიმიტრი, მერკვირი, პროკოპი, პანტელეიმონ, კვირიკე და არტემისათა. მეოხებითა ერთობით ყოველთა წმიდათა შენთა. მოციქულთა. წინასწარ-მეტყველთა. მღვდელმთავართა. მახარებელთა. მოწამეთა. მამათა. მოღვაწეთა, და რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.

კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თჳთ უხრწნელი ჴორცი შენი, და ესე არს თჳთ პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყჳთ, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!

(ხოლო მირახვიდე ზიარებად, სთქვი თავსა შორის თჳსსა).

სხვანი ესე მეტაფრასისანი

ესერა მივეახლები, საღმრთოსა ზიარებასა. შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი. არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა:

ხოლო შემდგომად სთქვი:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიჴსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:

კვალად სხვანი ესე:

ღმერთ-მყოფელისა სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო, ჰხედვიდე რა, რამეთუ ცეცხლი არს უღირსთა შემწველი. ჴორცი ღმრთისა განმამღრთობს მე, და მზრდის. განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ.

შემდგომად ტროპარი ესე:

დამატკბე სიყვარულითა ქრისტე, და შემცვალე საღმრთოთა სურვილითა შენითა. დასწვენ ცეცხლითა უნივთოთა ცოდვანი ჩემნი, და აღმავსე საშვებელითა შენითა, და ღირს-მყავ, რათა სიხარულით ვადიდებდე სახიერ მრჩობლსა მოსლვასა შენსა:

ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა, ვითარ შევიდე არა-ღირსი, რამეთუ უკეთუ ვიკადრო შესლვად სასძლოსა, სამოსელი ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, და შეკრული, განვიგდები ანგელოსთა მიერ. განწმიდე უფალო მწიკვლი სულისა ჩემისა, და მაცხოვნე ვითარცა კაცთ-მოყვარემან.

მერმე ლოცვა ესე:

მეუფეო კაცთ-მოყვარეო, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩემო, ნუმცა დასასჯელ-მექმნების მე სიწმი-დე ესე უღირსებისათჳს ჩემისა, არამედ განსაწმედელად, და წმიდა-მყოფელად სულისა და ჴორცისა, და წინდად მერმისა ცხოვრებისა, და სუფევისა.
ხოლო ჩემი მიახლება ღმრთისა კეთილ-არს, და დადებად უფლისა მიმართ სასოება ცხოვრებისა ჩემისა.

და კვალად:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიჴსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:

ხოლო ოდეს მიემთხვიო ზიარებასა ცხოველსმყოფელსა საიდუმლოსა ნიჭსა. აქებდე მეყვსეულად, და ჰმადლობდე ფრიად, და ამას მხურვალითა სულითა იტყოდე ღმრთისა მიმართ:

დიდება შენდა ღმერთო (3-გზის)


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო