იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
ძილად მისვლის ლოცვანი
ტროპარნი
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყჳს-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება...
უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიჴსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა, და შემიწყალენ ჩვენ.
აწ და...
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).
ლოცვა 1, წმიდისა დიდისა მაკარისა ღმრთისა მამისადმი
ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს-მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა საქმით, სიტყჳთ და გულისჴმის-ყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი გული ჩემი ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ჴორცისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ჴორციელნი და უჴორცონი, და მიჴსენ მე, უფალო, ამაოჲსა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 2, უფლისა იესუ ქრისტესი
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გულის-სიტყვაჲ უჯეროჲ და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 3, სულისა წმიდისადმი
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდე დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაჲსამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონებაჲ ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაჲ ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უჴმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 4
უფალო, ღმერთო ჩვენო, რაჲცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყჳთ, საქმით და გულისჴმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ჴორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 5, წმიდისა ანგელოსისა მიმართ
წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ჴორცთა ჩემთაო, როდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყჳთ, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლდაწმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
კონდაკი ღმრთისმშობელისა
ზესთამბძოლისა ჩემისათჳს და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქვს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღმრთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო მე სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას.
დიდება...
შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საფრთხეთა მრავალთა ვვალ, მიჴსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთმოყვარემან.
აწ და...
ყოვლად დიდებულო დედაო ღმრთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ჴორცითა და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათჳს.
ლოცვა 6, პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისადმი
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდენ, და, ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყჳან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჵ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა სათქმელი ცალკე
გვიჴსენ, გვილხინე და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყჳთნი გულის-სიტყჳთნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულისჴმის-ყოფით, ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან.
ლოცვა
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თჳსთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაჲ მათი და ცხოვრებაჲ საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ. განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მოგვამდლე ღმრთისმოყვარე მთავრობაჲ. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიჴსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიჴსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იჴსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიჴსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაჲ მათი, და ცხორება საუკუნო. მომიჴსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
დიდება... აწ და... უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ!
ლოცვა ძილად დაწოლისა სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სამარადისო
ყოვლისა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო, ყოველთა არსთა შექმნილთა უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი, აღსასრულსა ჟამთასა ჴორცითა გვიშევ ჩვენ, და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი, მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა აღმოგვიბრწყინვე, მოგვიჴსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა უბიწოო, წყალობის მომრთმეველ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინა მდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანა წარვხდეთ, და კვალად ცისკრისა გალობისა, ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდების მეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღმრთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელისა არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად