იულიუსის კალენდრით:
18 ნოე. 2021 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
01 დეკ. 2021 წ.
მინი ვერსია


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
ათი ბევრი მოწამე ხვარაზმელთაგან წამებულნი (1227 წ.)
31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
ასი ათასი მოწამე ასი ათასი მოწამე   თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულიანად აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს ქვეყანას თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ლაშქარი ჯაყელთა საოცარი თავდადების მიუხედავად გარნისთან გამართულ ომში ღალატის გამო მაინც დამარცხდა. ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა, რომ დედოფალი რუსუდანი მისი თანამეცხედრე გამხდარიყო და მონღოლების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანს ხვარაზმელებთან ერთად ებრძოლათ, თუ არადა მოაოხრებდა საქართველოს. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის უარი აცნობა ჯალალედინს, მან კი სანაცვლოდ ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
  ბრძოლის პირველ დღეს "ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა", დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს. "ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა განსაცდელთა აღწერა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?" – კითხულობს ჟამთააღმწერელი და განაგრძობს, – "ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის. ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ". თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
  ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები "ეკლესიათა შინა ხატთა და ჯუართავე თანა" შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეურაცხყვეს. მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა "უკეთური იგი სული მისი" და "განზრახვითა ეშმაკისაითა" მოიგონა სხვა სიბოროტეც: სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი "ბილწი საჯდომელი" დააშენებინა საიდანაც თავლ ყურს ადევნებდა მეტეხის ხიდზე მომხდარ მოვლენებს. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე "პირაღმართ" დაადებინა და ტყვეებს ფეხის დადგმით პატიოსანთა ხატთა შეურაწყოფა და სჯულის დატევება უბრძანა.
  ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, თავის მოკვეთით დაისჯება. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და ქრისტეს განუდგა. მაგრამ დიდმა უმრავლესობამ მხნედ მიუგო მტარვალთ: "თუმცა შერცხვენილნი და დამდაბლებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, გულით შევსწირავთ თავს ღმრთს მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმენით ქალაქსა ამას შინა, და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს იგი ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით."
  ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ხიდზე გადებულ ხატებზე ფეხით უნდა გაევლოთ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც იქვე სიკვდილით იყვნენ დასჯილები.
ასი ათასი მოწამე ასი ათასი მოწამე
ასი ათასი მოწამე
ტროპარი:
  არა დასთრგუნეთ ხატი უფლისა იესუისი და უხრწნელისა დედისა მისისაი, არამედ ვითარცა კრავნი უბიწონი, მისთვის დაიკლენით, რომელმან ხატებითა თვისითა საღმრთოითა პატივ-გცა თქუენ, წამებისა გვირგვინითა ღმრთივშუენიერად შეიმკუენით და სისხლითა თქუენითა ცოდვანი ერისანი წარჰხოცენით: ათნო ბევრნო მამანო და დედანო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი:
  მრავალფეროვანი ტანჯვანი თავს-ისხენით და ვნებისა მის ქრისტესისა თანაზიარ გამოსჩნდით; არა უპატიო ჰყავთ ანგელოზთაგან პატივცემული ხატი მისი და სისხლი თქუენი, ვითარცა ნელსაცხებელი სულნელი, უკუდავისა სიძისა შესწირენით, მეოხნო მოწამენო, ეკლესიისა ელვარენო სამკაულნო.



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge Orthodox Christianity სავსე კატალოგი ინტერნეტში სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო