იულიუსის კალენდრით:
18 ნოე. 2021 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
01 დეკ. 2021 წ.
მინი ვერსია


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
წმიდნა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII ს.)
28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
ნეოფიტე ურბნელი         ნეოფიტე ურბნელის საფლავი   წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი. VII საუკუნე. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს.
  სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს: "რაჲმე არს ქუაბთა შინა?" ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ "კაცნი მონანი ღმრთისანი", ყოველგვარ ამქვეყნიურ შვებას მოკლებულნი.
  საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა: "ლოცუა ჰყავთ ჩემთჳს, მონანო ღმრთისანო, და ძღუენი ესე ჩემი მიიღეთ და ალუაჲ და გუნდრუკი მიართუთ საკმევად სამარხოსა მოძღუარისა თქუენისასა".
  სარკინეთის ქვაბებს მიახლებულმა ომარმა მონაზვნებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, ნუგეშინისცემად და სამსახურად მოვდივარ და არა სავნებლადო.
  მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა "სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა". მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს "ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა", უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი - ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი".
  ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: "დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა". მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, შიო მღვიმელის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) დაარქვეს, მის მეგობრებს კი - ქრიტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი).
  ღვთის განგებით, წმიდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება. ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა იყო: "მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა".
  კაცთამოდგმის მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა და მაზდეანებს გადააწყვეტინა, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი.
  უსჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. უსჯულოებმა იცოდნენ, რომ წმიდა ნეოფიტე წმიდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილს შეჰნატროდა, ამიტომ ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმიდანმა ტკბილი ხმით მიუგო: "ტკბილ ჩემდა სიკუდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფაჲ კავშირთა უკუდავისა და მოკუდავისა არსებისათა... ამიერითგან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომელიც შეჰკრიბა ქადაგებისა მიერ ჩემისა ძემან და სიტყუამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთჳს ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თჳსისა".
  გამძვინვარებულმა უსჯულოებმა წმიდანი ქვებით ჩაქოლეს. წმიდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: "უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი".
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
ტროპარი:
  საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი:
  ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა, ნეოფიტეს ყოვლად სამღუდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობილისა, და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე მამაო საწადელო ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაჲ შეუძრველი.



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge Orthodox Christianity სავსე კატალოგი ინტერნეტში სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო