იულიუსის კალენდრით:
27 ნოე. 2022 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი (1314 წ.)
19 ოქტომბერი (1 ნოემბერი )
ნიკოლოზ დვალი   წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღმრთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
  უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
  დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
  ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.
  ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა". მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!" ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
  როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: "ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს". ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: "აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის", - დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო