იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
სერაპიონ ზარზმელი (IX ს.) — სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი. წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი "მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით", ღმრთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, "ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა".
სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა. ღირსი სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა.
სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. იგი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა "მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა", "სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა" დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და "თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა". უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - "უცხოთა და გლახაკთა" მსახურებით ცხოვრობდა.
მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის ტიპოკონი.
სერაპიონმა და იოანემ ყველის ხევში, ადგილობრივ მკვიდრთა თხოვნით და დახმარებით ააგეს მონასტერი იოვანე-წმინდა. სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით. ზარზმის მესამე წინამძღვრის, პავლეს დროს დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა. ამ პერიოდში ზარზმაში მოვიდა ბასილი, სერაპიონის უფროსი ძმის შვილი.
ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ "თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ".
ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ "სასწაულნი იგი ადგილსა ამას" ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: "ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი".
იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.
ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: "ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ". მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.
ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა "განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი".
ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, "კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა".
რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, "მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა".
წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, "რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა".
წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღმრთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და "გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა".
თხზულება, მის ძმისშვილს, ბასილი ზარზმელს დაუწერია, რომელიც სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ მივიდა ზარზმაში. მასში გადმოსცა არა მხოლოდ სერაპიონის დროის ამბები, არამედ მისი სიკვდილის შემდგომი ცნობებიც, თვით ბასილის დრომდე. ბასილის ავტორობას ამტკიცებს თხზულების ერთი ადგილი, სადაც ნათქვამია: "რამეთუ თჳთ დასწერს ბასილი, რომელმან ცხოვრებაჲ ესე წმიდისაჲ აღწერა", ანდა – "მე ბასილი, ძმისწული წმიდისა სერაპიონისა… მივიწიე… ვიხილე… ჴელვჰყავ და შევჰმზადე…". ცხოვრებაში არცერთი თარიღია აქ აღწერილი ამბების გამოსარკვევად, მაგრამ მისი შინაარსისა და "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მონაცემთა მიხედვით ირკვევა, რომ სერაპიონს მოღვაწეობა დაუწყია 850 წლის ახლო ხანებში, ზარზმა აუშენებია 861–868 წლებში, ხოლო გარდაცვლილა არა უადრეს 900 წლისა. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება" მის ძმისშვილს, ბასილს, რომელსაც წინამძღვრობა მიუღია პავლეს შემდეგ (დაახლოებით 916–926 წლებში), დაუწერია დაახლოებით X საუკუნის მეორე ათეულის მიწურულს, ოციოდე წლით ადრე, ვიდრე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" დაიწერებოდა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ გრიგოლის შესახებ აქ ხსენება არ არის.
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
ტროპარი:
უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო სერაპიონ, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.(ჴმაჲ 1).
კონდაკი:
სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო სერაპიონ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
იკოსი:
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, გამოსჩნდი შენ მთავრად მონაზონთა და ქალაქმყოფელ უქმთა უდაბნოთა და ჰკურნებ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა: გიხაროდენ, აღმოსავლეთისა ვარსკულავო ყოვლადბრწყინვალეო, და მონაზონთა განმანათლებელო ლამპარო და მწყემსო, გიხაროდენ, კეთილმოქმედებითა მმარხველთა სიქადულო და ყოვლისა სოფლისა სახარულევანო ბრწყინვალებაო, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად