იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
წმიდა ღირსმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.)
17 თებერვალი (2 მარტი)
თეოდორე აჭარელი

ღირსმოწამე თეოდორე აჭარელი მიეკუთნება ქართველთა უძველესი კუთხის, აჭარის მცხოვრებთა იმ მრავალათასიან მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.

მოწამე თეოდორე დაიბადა მეთვრამეტე საუკუნის 70-80-იან წლებში. ეს ის ბნელი დროა, როცა ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალით გამუსულმანება, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.

მოწამის ცხოვრებიდან არ ჩანს თუ როგორ მოხვდა ტრაპეზუნტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმიდა თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმიდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმიდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.

1822 წელს მოწამე თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა განიზრახა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმიდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, წმინდანის გვამი ზღვაში გადაუგდიათ.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო