იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
წმინდა დიდებული და ძლევაშემოსილი დიდმოწამე გიორგი (303 წ.)
ბორბალზე წამების ხსენება: 10 (23) ნოემბერი
წმ. გიორგის ბორბალზე წამება

10 (23) ნოემბერს - წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამებას, მართლმადიდებელ სამყაროში აღნიშნავს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია.

რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილისა გიორგისა.

წმინდა გიორგი დაიბადა კაპადოკიაში, III საუკუნის II ნახევარში. კაპადოკია ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდა მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი. გერონტიოსს მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

წმინდა გიორგიმ თავისი ქონება და სიმდიდრე გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და წარსდგა მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა: მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილ ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ სცთებით ეშმაკის საცთურებით, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო - ჩვენ ქრისტიანები - თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სული წმინდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე? წმინდა გიორგიმ მიუგო: ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი. მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის. წმ. გიორგიმ მიუგო: მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე. მაშინ განრისხებულმა მეფემ წმინდა გიორგის მრავალი უშედეგო ტანჯვის შემდგე მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან? მეფის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს, ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე. და კვლავ სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი. ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე თავისი თანამზრახველებითურთ მსხვერპლსა სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად და აი თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლსა სწირავთ ცრუ ღმერთებს. გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, თუ ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა. ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა თავიანთი სახლეულობითურთ ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.

წმ. გიორგის ბორბალზე წამება წმ. გიორგის ბორბალზე წამება წმ. გიორგის ბორბალზე წამება
ფრესკა - წმ. გიორგის ბორბალზე წამება

ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.

ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველა ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.

საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით გეორგიას ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

ტროპარი:

  ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი:

  მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო