იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


აირჩიე წმინდანთა ცხოვრება
კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.
ხსენების დღე: 8 (21) ნოემბერი
კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.
დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

სერაფიმთასერაფიმი შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი,ქერუბიმი რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი,საყდარნი რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უფლებანიუფლებანი ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.
ძალნიძალნი ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ.
ხელმწიფებანი ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
საწყისნი მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;
მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.
ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი,მთავარანგელოზი მიქაელი რომლის სახელი ებრაულიდან ითარგმნება როგორც "რომელი ვითარცა ღმერთი", შეებრძოლა ღვთის წინააღმდეგ ამხედრებულ სატანას, დაამარცხა იგი და მის მოციქულებთან ერთად ზეციდან გადმოაგდო, დანარჩენ ანგელოზებს კი უფლის ერთგულებისკენ მოუწოდა და გაიმარჯვა სატანის ძალებზე.
მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვრობდა ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლისას, დღისით - ღრუბლის, ღამით კი ცეცხლოვანი სვეტის სახით მიუძღოდა აღთქმული მიწისაკენ, მან მოწყვიტა ებრაელების მდევნელი ეგვიპტელები, მან დაიცვა გახურებულ ღუმელში ცოცხლად შეყრილი ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც ვერ დაითანხმეს კერპების თაყვანისცემაზე. საღვთო წერილში კიდევ ბევრგანაა ნახსენები მთავარანგელოზის შემწეობა.

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.
მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
ალექსანდრიის პატრიარქმა ტიმოთემ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის - წმინდა პროხორეს სახლში იპოვა წიგნი, რომელშიც პროხორეს ანგელოზისაგან თავისი დიდი მასწავლებლისთვის ნაუწყები სიტყვები ჰქონდა ჩაწერილი. გთავაზობთ მისგან ამონარიდს: "ებრაელებმა მაცხოვარი უწყალოდ რომ აცვეს ჯვარს, მთავარანგელოზი მიქაელი ისე შეძრწუნდა, რომ მისი მწუხარებისაგან ცა და ქვეყანა განკრთა. ოდეს მაცხოვარი აღსდგა მკვდრეთით, მთავარანგელოზმა მიქაელმა გადააგორა უფლის საფლავის ქვა და ახარა მენელსაცხებლე დედათ. მანვე შეაჩერა სატანა და წაართვა ყოველივე, რაც ჰქონდა მას. ღმერთმა მიჰმადლა მთავარანგელოზ მიქაელს დიდი ძალა და დართო ნება, თვით ჯოჯოხეთის ტანჯვაში მყოფი სულების გადარჩენისა: უფალმა მიანიჭა მას ციურ ძალთა წინამძღოლობა და უფლება, ყოველი წლის 6 (ახ.სტ. 19) სექტემბერს ქერუბიმთა და სერაბიმთა ნავით, ანგელოსთა და წმინდანთა თანხლებით, მიუახლოვდეს განწირულთა სულებს. ამ დიდმნიშვნელოვან დღეს იგი მუხლმოდრეკილი და პირქვედამხობილი ლოცულობს ტანჯული სულებისათვის მანამ, ვიდრე ღმერთი არ შეიწყალებს ადამიანებსა და ყოველივე სულიერს დედამიწაზე". როგორც წიგნი გვამცნობს, იოანე ღვთისმეტყველმა თავად იხილა, როგორ ამოჰყავდა მთავარანგელოზ მიქაელს თავისი ფრთებით ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთის ტბიდან. ამ მოთხრობამ ტიმოთეს დიდი ნუგეში სცა და მრევლს მთავარანგელოზის თაყვანისცემისაკენ მოუწოდა.

საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: მთავარანგელოზი გაბრიელი გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

მთავარანგელოზი რაფაელი რაფაელი - ღვთიური მკურნალი, სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.
მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

მთავარანგელოზი ურიელი ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

მთავარანგელოზი სელაფიელი სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოისახება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

მთავარანგელოზი ეგუდიელი ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი, ან შავი ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

მთავარანგელოზი ვარახიელი ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელს ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლით გამოისახავენ, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმიდა წერილში იხსენიება მთავარანგელოზი იერომიელი იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას. იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა. მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო