იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ღირსი პიმენ სალოსი და ანტონი მესხი (XIII ს.)
16 (29) მარტი
პიმენ სალოსი და ანტონი მესხი

წმიდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - "კეთილშობილთაგანი". წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღმრთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების "ხედვითი და ღმრთისმეტყველებითი სიბრძნის" უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღმრთისსათნო ცხოვრებით.

წმიდა პიმენი მის "ხედვით და ღმრთისმეტყველებით სიბრძნეს" მოგონილი სისულელით მალავდა "და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს". წმიდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმიდა მამა იყო "მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა".

წმიდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული "მოღვაწე და მმართველობითა სრული" წმიდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმიდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ "მას "სახელ-სდვეს ქართველთა მზედ" ბევრ რამეზე მეტყველებს.

წმიდა მამები ერთად მოღვაწეობდნენ ღმრთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ, ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 12 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღმრთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა. წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა მონაზონი ბასილი (ხს. 18 აპრილს), მანაც უშიშრად ამხილა მეფე.

საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. "ქართლის ცხოვრებაში" წერია, რომ წმიდა ბერები ამხელდნენ "მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს".

ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა "ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა".

ღმრთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმიდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო